"თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა დეზინფორმაციული კამპანია მთელ მსოფლიოში, რომ თითქოს საქართველო არღვევს სანქციებს და ჩვენმა პარტნიორებმა ხმამაღლა და ღიად თქვეს, რომ საქართველო სრულად ასრულებს ამ ვალდებულებებს და სანქციების დარღვევის არც ერთი მაგალითი არ დაფიქსირებულა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ჯოზეფ ბორელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამ სიცრუის მიზანი ქვეყნის დისკრედიტაციაა.
„სანქციების თაობაზე მინდა შეგახსენოთ, მე როცა ვთქვი, რომ ეს იყო კლასიკური დეზინფორმაციული მაგალითი სანქციებზე, ბატონო ბორელ, მინდა გითხრათ, რომ თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა ორკესტრირებული დეზინფორმაციული კამპანია აი ამ პოლიტიკური ძალის მხრიდან, რომელსაც ეს ტელევიზია წარმოადგენს. მათი ლობისტების, მათი ინტერესჯგუფების მიერ დაფინანსებული კამპანიები მთელ მსოფლიოში, რომ თითქოს საქართველო არღვევს სანქციებს.
რეალობა აღმოჩნდა შემდეგი, რომ როცა თქვენი წარმომადგენელი ჩამოვიდა საქართველოში, ასევე ამერიკის სანქციების მთავარი წარმომადგენელი და ასევე დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი, მათ ხმამაღლა და ღიად თქვეს, რომ საქართველო სრულად ასრულებს ამ ვალდებულებებს და რომ სანქციების დარღვევის არც ერთი მაგალითი არ დაფიქსირებულა. ეს არის მაგალითი სიცრუესა და სიმართლეს შორის. სიცრუეს, რა თქმა უნდა, აქვს თავისი მიზანი, მიზანი არის ქვეყნის დისკრედიტაცია. მათი მიზანი არის ის, რომ ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი, მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ქვეყანა კიდევ უფრო მეტად დავაახლოოთ ევროკავშირს.”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.