ტრამპის მედიაკომპანიამ, Trump Media and Technology Group-მა, ახალი ფასიანი სერვისი ჩაუშვა, რომელიც გამომწერებს პლატფორმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტებზე რეალურ დროში, სხვებზე ადრეულ წვდომას სთავაზობს.
ახალ პროექტს, სახელწოდებით Truth API, სავაჭრო ფირმებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს დონალდ ტრამპისა და სხვა გავლენიანი ანგარიშების „პოსტების პირდაპირ, ლიცენზირებულ ნაკადს“ სთავაზობს. სერვისის ღირებულება თვეში 100 000 დოლარამდე აღწევს.
კომპანიის დროებითი აღმასრულებელი დირექტორის, კევინ მაკგერნის განცხადებით, API-ს მიზანია ბიზნესებს მიაწოდოს ინფორმაცია იმ პოსტების შესახებ, რომელთაც "ბაზრის ამოძრავება შეუძლიათ“.
მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ფასიანი მონაცემთა სერვისები სხვა სოციალურ ქსელებსაც აქვთ, კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ Truth Social-ის შემთხვევა უნიკალურია: პლატფორმის ყველაზე გავლენიანი მომხმარებელი აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტია, რომელიც ამავდროულად კომპანიის უმსხვილესი აქციონერია. ეს კი ნიშნავს, რომ სერვისიდან მიღებული შემოსავლით ის პირადად იხეირებს.
გარდიანი წერს, რომ ოფიციალურ განცხადებაში დონალდ ტრამპი პირდაპირ დასახელებული არ არის, მისი ანგარიში (@realDonaldTrump) 13 მილიონი გამომწერით პლატფორმაზე ყველაზე დიდია. ტრამპი ხშირად იყენებს Truth Social-ს მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური გადაწყვეტილებების დასაანონსებლად სანამ მათ ოფიციალური არხებით გაავრცელებს.
კრიტიკოსების მტკიცებით, აღნიშნული სერვისი ქმნის ინსაიდერული ვაჭრობისა და ბაზრის მანიპულირების სერიოზულ რისკებს. ტრამპს წარსულში არაერთხელ გამოუქვეყნებია პოსტები ტარიფების დაწესებაზე თუ საგარეო პოლიტიკაზე (მათ შორის ირანთან დაკავშირებით), რასაც გლობალურ საფინანსო ბაზრებზე მყისიერი რყევები მოჰყოლია.
მაგალითად, გასულ წელს, როდესაც გლობალური საფინანსო ბაზრები მცირდებოდა, ტრამპმა ერთ დღეში 100-ზე მეტი პოსტი გამოაქვეყნა. ხოლო ირანის შესახებ მისმა განცხადებებმა ნავთობის ფასების ზრდისა და ინფლაციის შიშები გააღრმავა.
Trump Media-ს აქციების ფასი პრეზიდენტის მიერ თანამდებობის დაკავების შემდეგ 70%-ზე მეტით შემცირდა, რამაც აქციონერებს დაახლოებით 6 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენა.
ამ ფონზე, ტრამპის წლიურმა ფინანსურმა დეკლარაციამ აჩვენა, რომ მან გასულ წელს 1 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო იმავე კომპანიებიდან და პროექტებიდან (მათ შორის საოჯახო კრიპტოვალუტის წამოწყებებიდან).
პარასკევს, Truth API-ს ოფიციალურ ჩაშვებამდე ერთი დღით ადრე, Trump Media-ს აქციები ბირჟის დახურვამდე 5.5%-ით გაიზარდა და $10.39 შეადგინა. აქამდე კომპანია ძირითადად სარეკლამო შემოსავლებზე იყო დამოკიდებული, ახალი სერვისი კი მისთვის შემოსავლის წყაროების დივერსიფიკაციის მცდელობაა.




























