დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები საერთო განცხადებას ავრცელებენ, რომლითაც ემიჯნებიან მშვიდობიან მომიტინგეებზე, ექიმებზე, ჟურნალისტებსა და აქციის მონაწილეებზე სასტიკ ძალადობას.
განცხადებაში, რომელსაც 150-მდე ხელმომწერი ჰყავს, ტვილდიანის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები გმობენ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხის 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ.
BM.GE დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა საერთო განცხადებას სრულად გთავაზობთ:
"ჩვენ, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, როგორც ექიმები და საქართველოს მოქალაქეები, ვემიჯნებით და ვგმობთ არალეგიტიმური მთავრობის უკანონო ბრძანებების საფუძველზე ჩადენილ სასტიკ ძალადობას ექიმების, სტუდენტების, ჟურნალისტების, ხელოვანებისა და აქციის ყველა მონაწილის მიმართ.
ჩვენ ვგმობთ კონსტიტუციის 78-ე მუხლიდან გადახვევას და სახელმწიფოს მიერ კურსის შეცვლას, რაც საქართველოს იზოლაციას იწვევს ცივილიზებული სამყაროსგან. ეს ნაბიჯები პირდაპირ ემსახურება რუსეთის გავლენის გაძლიერებას ქვეყანაში და საფრთხეს უქმნის ჩვენი საზოგადოების დემოკრატიულ, პროგრესულ მომავალსა და ევროკავშირში გაწევრიანებას.
დავით ტვილდიანის უნივერსიტეტში სწავლა დაფუძნებულია ამერიკულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და უნივერსიტეტი არის მრავალი ევროპული ასოციაციის წევრი. ევროპული ასოციაციებიდან საქართველოს გარიცხვა და იზოლაცია საფრთხეს უქმნის არამარტო მომავალი ექიმების საქართველოში სწავლა-განათლებასა და ჩვენი დიპლომების საერთაშორისო აღიარებას, არამედ სერიოზულ ზიანს აყენებს ჩვენი ჯანდაცვის სისტემას. შეჩერებულია და შეჩერდება უამრავი პროექტი, პროგრამა, დაფინანსება და დახმარება, რომლებიც საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობისთვის. აღნიშნული პროცესი საფრთხეს უქმნის იმ პაციენტებს, რომელთაც მთელი რიგი დაავადებების მკურნალობა უფინანსდებათ საერთაშორისო პროგრამებით. შორეულ პერსპექტივაში კი სამედიცინო განათლების დონის მკვეთრი ვარდნა გამოიწვევს კვალიფიციური ექიმების სერიოზულ დეფიციტს და ჯანდაცვის სისტემაში კრიზისს", - ვკითხულობთ განცხადებაში.
ხელმომწერთა განახლებადი სია: ხელმომწერები