დღეს პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, რომ გზებზე გაზრდილ ინტენსივობას და ტვირთბრუნვას შუა დერეფნის ინფრასტრუქტურა მზად დახვდა.
"შუა დერეფნის განუყოფელ და მთავარ ნაწილს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი წარმოადგენს, მნიშვნელოვანია ის, რომ მაგისტრალის დახმარებით წითელი ხიდიდან სარფამდე ჩასვლა 8 საათის მაგივრად 4 საათში იქნება შესაძლებელი. დერეფნის აქტუალობა დროსთან ერთად იზრდება. რეალურად, 35%-ით არის ბრუნვა მომატებული, ამ გაზრდილ ინტენსივობას ჩვენი ინფრასტრუქტურა მზად დახვდა და, შესაბამისად, ხელის შემშლელი ფაქტორები არ ყოფილა", - განმარტა მან.
ამასთან, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ შუა დერეფნის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია და ამისთვის აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები.