ლოგისტიკური კომპანია Tradelog-ის დამფუძნებელი ზურაბ კვარაცხელია ამბობს, რომ საქართველო- აზერბაიჯანს შორის დიალოგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი შუა დერეფნის მოქნილობის ზრდას უკავშირდება.
როგორც მან "ანალიტიკას" ეთერში განაცხადა, შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის ქვეყნების მხრიდან კომპლექსური მუშაობაა საჭირო. ის ამბობს, რომ ტვირთების გამტარუნარიანობის მართვაში აზერბაიჯანი საქართველოს ჩამორჩება.
"ქვეყნებს [საქართველოსა და აზერბაიჯანს] შორის დიალოგის მთავარი წარმმართველი შინაარსი, მე როგორც ვიცი, სწორედ მოქნილობის გაზრდაა, რომელიც არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით შეიძლება იქნეს გამოყენებული. აქ კომპლექსურად უნდა იმუშაოს სხვა ქვეყნებმაც, კერძოდ, აზერბაიჯანმა და რა თქმა უნდა, ყაზახეთმა.
ლოგისტიკა არ არის ცალკე აღებული ერთჯერადი პროცესი, ეს არის თავისი ფუნქციონალით, ძალიან შინაარსობრივი და მრავალფუნქციური, რომელიც გულისხმობს, გარდა სატრანზიტო მონაკვეთისა და ტვირთის გამტარიანობისა, რომელზეც ძირითადად აქამდე იყო საქართველო დამოკიდებული, მთელ იმ აქტუალურ პროცესებს, რომელიც არის გადატვირთვასთან დაკავშირებული, საბაჟო პროცედურების გამარტივებასთან, ან უკვე არსებულ რაღაც პროცედურებთან, რომელიც გინდა-არ გინდა უნდა გაიაროს ყველა ტვირთმა. ამიტომ, ეს კომპლექსური მუშაობა, რომელიც საქართველოდან დაიწყება, თუ სხვა ქვეყნების მხრიდანაც არ იქნა ფეხი აწყობილი, პროცესი შენელდება, შეფერხდება და საერთო ჯამში არაკონკურენტული ალტერნატივა იქნება შუა დერეფანი.
ამ მოცემულობით ტვირთის რაოდენობის შესუსტების პერსპექტივას ვერ ვხედავ, პირიქით, რაც დრო გავა, ვფიქრობ უფრო გაიზრდება მოცულობა, უბრალოდ აქ უნდა გავაანალიზოთ ეს პირობები - აწყობილი სტრუქტურა, რომელიც დაწყებული საქართველოდან, გაგრძელებული აზერბაიჯანით და დამთავრებული ყაზახეთით კომპლექსურად გამართულად იმუშავებს. აზერბაიჯანის საკითხს რომ დავუბრუნდე, აქ ტვირთნაკადი გაზრდილია, იზრდება, მაგრამ გამტარუნარიანობის მართვა სხვა აქცენტებთანაა დაკავშირებული, რაც პირველ რიგში პორტების, სარკინიგზო გამართულ ინფრასტრუქტურას გულისხმობს და ა.შ. სამწუხაროდ, ამ საკითხში აზერბაიჯანი დიდად ჩვენ ფეხს ვერ გვიწყობს. საქართველო ამ კომპლექსურ პროცესებს გამართულად დახვდა. რა თქმა უნდა, უფრო მეტია გასაკეთებელი და ვფიქრობ, ეს შეხვედრებიც ამ მიზანს ისახავს, რომ ეს მდგომარეობა გაუმჯობესდეს",- აღნიშნა ზურაბ კვარაცხელიამ.
ის აღნიშნავს, რომ საქართველოს როლი რეგიონში ყველაზე დიდია და ამ ყველაფერს გამოყენება სჭირდება სწორი ნაბიჯების გადადგმით და ეფექტური რეაგირებით.




























