მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თვითმფრინავების მომსახურების ცენტრის განვითარების დიდი რესურსი გვაქვს - ხიდურელი

636e0ca82b480
თინათინ ნატმელაძე
11.11.22 18:43
538
საქართველოში თვითმფრინავების მომსახურების ცენტრის განვითარებას საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს, - ამის შესახებ გადაცემა "საქმიანი დილის" ეთერში "აწარმოე საქართველოს" ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანას ამ მხრივ უკვე აქვს რესურსი, რადგან აქ არის აეროპორტები და ძალიან ბევრი ფრენა ხორციელდება, თვითმფრინავებს კი შეკეთების ცენტრი სჭირდებათ.

ხიდურელის თქმით, აღნიშნული პროექტისთვის ინვესტორის მოძიებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ემირატებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, გერმანიასთან და ბალტიისპირეთის რამდენიმე ქვეყანასთანაც მიმდინარეობს.

"ალბათ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რეალისტური საინვესტიციო პროექტი, რაც შეიძლება ქვეყანას ჰქონდეს. საქართველოს ამ სფეროს განვითარებისთვის უკვე აქვს რესურსი, არის აეროპორტები და ხორციელდება ძალიან ბევრი ფრენა, ამ თვითმფრინავებს კი შეკეთების ცენტრი სჭირდებათ. ვფიქრობ, ეს არ ჰგავს სხვა სექტორს, როდესაც გიწევს ახალი ინვესტორი დაარწმუნო, რომ შემოვიდეს შენს ბაზარზე.

ცენტრის შესახებ იდეა ჩვენს საინვესტიციო გუნდში ზუსტად ერთი წლის წინ გაჩნდა. ვაწარმოეთ კვლევა, თუ რამდენად გაამართლებდა ეს პროექტი, კვლევამ პოზიტიური შედეგი დადო, გამოვიკვლიეთ ქუთაისიც და თბილისიც და აღმოჩნდა, რომ თბილისი უფრო სარფიანი იქნება ინვესტორებისთვის", - განაცხადა ხიდურელმა და დასძინა, რომ უკვე მზად არის საინვესტიციო შეთავაზებაც.

"ლონდონში ვესწრებოდით გამოფენას, სადაც ბევრისთვის სასიამოვნო სიახლე იყო, რომ საქართველოს ამ მხრივ პოტენციალი აღმოაჩნდა, ახლა კი ინვესტიციების მოსაზიდად პროაქტიურად ვმუშაობთ სხვადასხვა ქვეყნებთან - ემირატებთან, ამერიკასთან, გერმანიასთან და ბალტიისპირეთის რამდენიმე ქვეყანასთანაც. ჩვენ არ ვსაუბრობთ ზოგად ინვესტიციებზე, ჩვენ ვსაუბრობთ ინვესტორებზე, რომლებიც სპეციალიზდებიან არამარტო ფულის ჩადებაში, არამედ შემდეგ უკვე ოპერირებაშიც", - აცხადებს მიხეილ ხიდურელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები