"მიმდინარეობს მიზანმიმართული შეტევა თხევად გაზის ბიზნესზე", - ასე აფასებს საქართველოს ბიზნეს ასოციციის მიერ 30 აპრილს გავრცელებულ განცხადებას, თხევადი გაზის ასოციაციის ხელმძღვანელი ნიკა ხოფერია.
მისი განმარტებით, თხევადი გაზის იმპორტი ორი კოდით ხორციელდება საქონლის თვისობრივი განსხვავებიდან გამომოდინარე და 2711 კოდით (ნავთობის აირები და აირისებრი ნახაშირწყალბადი) - შემოსული 1 ტონა თხევადი გაზის მოცულობა 2 000 ლიტრს შეადგენს, ხოლო 2901-ის (ნახშირწყალბადები აციკლური) კოდის ქვეშ - 1 700 ლიტრს.
შესაბამისად, პირველის აქციზის გადასახადი არის - 0 ლარი, ხოლო მეორესი - 300 ლარი ტონაზე, რაც ქმნის ორივე პროდუქტის რეალიზაციისთვის სამართლიან კონკურენტულ გარემოს.
„მიმდინარეობს მიზანმიმართული შეტევა თხევად გაზზე. ეს მიმდინარეობს იმიტომ, რომ შავლეგ მიშველაძე არის იმ დიდი კომპანიების წარმომადგენელი, რომელიც არის ბენზინის, დიზელის და ბუნებრივი გაზის იმპორტიორი. თხევად გაზზე აქვთ სულ ნეგატიური დამოკიდებულება და მათი სურვილია თხევადი გაზი გაიყვანონ კონკურენციიდან და შეუქმნან პრობლემები, იმიტომ რომ თხევადი გაზი არის ბენზინის, დიზელის და ბუნებრივი გაზის კონკურენტი.
აქ საუბარია იმაზე, რომ ამ სფეროში მოქმედი კომპანიები გამოყვანილნი არიან ისე თითქოს არიან კონტრაბანდისტები. როცა დაბეგვრის ეს მექანიზმი, რომელიც ახლა არსებობს, არის სამართლიანი, იმიტომ რომ ეს ორი პროდუქტი ერთი 2711 კოდით, ხოლო მეორე 2901 კოდით, ერთმანეთთან სამართლიან კონკურენციაში არიან და ორივე პროდუქტი არის უმაღლესი ხარისხის.
2901-ის (ნახშირწყალბადები აციკლური) შემთხვევაში, თუკი მაგალითად საშუალო ფასი არის 1 ლარი, ამ სასაქონლო ნიშნით შემოტანილი პროდუქტის 1 ტონის რეალიზაციიდან მიიღება 1 700 ლარი, აქციზის გადასახადი არის - 0 ლარი, ხოლო 2711-ის (ნავთობის აირები და აირისებრი ნახაშირწყალბადი) შემთხვევაში კი ვიღებთ 2 000 ლარს, რომელიც მოიცავს 300 ლარს აქციზის გადასახადს. აქციზის გადასახადი, საბოლოო ჯამში აისახება ფასზე და გადადის მომხმარებელზე. იმისთვის რომ ეს ორი პროდუქტი ერთმანეთის კონკურენტი იყოს მათი ამონაგები უნდა იყოს ერთმანეთის იდენტური.
მათი მიზანია რომ ჯერ ერთი პროდუქტი გაიყვანონ ბაზრიდან, მერე მეორეზე რაღაც სხვას მოიგონებენ და უნდა გაყიდონ მხოლოდ ბენზინი, დიზელი და ბუნებრივი გაზი, ვინაიდან მათ დააკლდათ შემოსავალი, რადგან რეალიზაციამ მოიკლო, ამიტომ აქტივობენ ასე, თორე რომელ კომპანიებსაც წარმოადგენს შავლეგ მიშველაძე არც ერთი კომპანია თხევადი გაზის სფეროში არ ოპერირებს. ვისოლი, სოკარი, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი არის ბენზინის, დიზელის და ბუზნებრივი გაზის შემომტანი; გალფი, რომპეტროლი და ლუკოილი მხოლოდ დიზელის და ბენზინის.
თხევად გაზს აქვს ბევრი დადებითი თვისება, პირველ რიგში ეკოლოგიურად, არაფერს ამბობენ ამაზე, მხოლოდ უნდათ დისკრედიტაცია და რატომ მიზანი ხომ უნდა იყოს გასაგები“, - აცხადებს ნიკა ხოფერია.
მისი თქმით, პანდემიის დროს 2711-ით არსებული საქონელი ბაზარზე დეფიციტური იყო და ამიტომ იმპორტიორებს 2901 კოდით არსებული საქონელი შემოჰქონდათ.
„ნავთობის აირები და აირისებრი ნახაშირწყალბადის (2711) მოძიება პანდემიის შემთხვევაში პრობლემური იყო, რადგან ის მიდის პირდაპირ ევროპაში და რასაც გამოგვიყოფენ მოგვაქვს ის. ხარისხის მიხედვით ეს ორივე პროდუქტი არის უმაღლესი ხარისხის და შეიძლება მისი გამოყენება როგორც თხევადი გაზი შესაძლებელია“, - ამბობს ნიკა ხოფერია.
თხევადი გაზის ასოციაციის ხემძღვანელი მომხრეა რომ პარლამენტში მოხდეს დაბეგვრის მიდგომის ცვლილების განხილვა და იმპორტირებული თხევადი გაზის აქციზი ლიტრზე განისაზღვრებოდეს და არა ტონაჟით.
„ეს დაბეგვრის მექანიზმი, როდესაც ტონაზე ხდება დაბეგვრა, სამართლიანია. მე მიმაჩნია, რომ როდესაც რეალიზაცია ხდება ლიტრში, მაშინ დაბეგვრაც უნდა ხდებოდეს ლიტრში, მაგრამ ასე არ არის. თუ ამისთვის კანონმდებლობას შეცვლიან და მოხდება ლიტრზე სააქციზო გადასახადის გადახდა, ეს აბსოლუტურად სხვა თემაა და პარლამენტის სამსჯელოა“, - აცხადებს თხევადი გაზის ასოციაციის ხელმძღვანელი.
ცნობისთვის, BAG-მა(საქართველოს ბიზნეს ასოციაცია) უაქციზო თხევადი გაზის დაბეგვრის ინიციატივით პარლამენტს მიმართა. ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში ხდება დიდი რაოდენობით უაქციზო საქონლის შემოტანა, რაც აზიანებს სახელმწიფოს: "საქართველოში ხორციელდება უაქციზო სასაქონლო კოდის (2901 10 000 00 - ორგანული ქიმიური ნაერთები, ნახშირწყალბადები, აციკლური გაჯერებული) გამოყენებით თხევადი გაზის იმპორტი და მისი შემდგომი რეალიზაცია როგორც თხევადი საავტომობილო გაზი (LPG)"- ნათქვამია ინიციატივაში.