მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თხის ყველი ლეჩხუმიდან - „გვესოს ფერმის“ განვითარების გეგმები

60ae08ca59522
ვიქტორია მღებრიშვილი
26.05.21 14:35
3749
ლეჩხუმში, ზღვის დონიდან 560 მეტრზე მდებარე სოფელ გვესოში 2018 წლიდან კოოპერატივი „გვესოს ფერმა“ ამოქმედდა. 5 მეპაიესგან შემდგარი გაერთიანება დღეს 10 ადამიანს ასაქმებს და ეკოლოგიურად სუფთა თხის ყველის სახეობებს მომხმარებელს აგრომარკეტებისა და თუ მაღაზიების გავლით ონლაინ აწვდის.

„გვესოს ფერმის“ ერთ-ერთი წევრი რუსუდან კბილაშვილი BM.GE-სთან საუბრისას ამბობს, რომ კოოპერატივის 5 მეპაიედან 3 ქალბატონია. მისივე განმარტებით, საქართველოში ფერმების უმრავლესობას ჩაკეტილი ციკლის მეურნეობა აქვს და თხები ბაგურ ან ბაგურ-საძოვრულ შერეულ კვებაზე ჰყავს, „გვესოს ფერმის“ თხები ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, მაღალმთიან საძოვრებზე იკვებებიან. კოოპერატივმა, დაახლოებით, 1 წლის წინ 200 000 ლარამდე ინვესტიციით წარმოებაც აამოქმედა.

„გვესოს ფერმას“ დღესდღეობით რძის გადამამუშავებელი საწარმო აქვს, რომლის წარმადობა 300 ლიტრია. ფერმის განვითარებისთვის მეპაიეებმა 200 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელეს. თხის ყველის მწარმოებლები საქართველოში ბევრნი არ არიან, თუმცა გარკვეული კონკურენცია მაინც არსებობს. თხის ყველის მინიმალური ღირებულება დღეს 1 კგ-ზე 55 ლარია. მოთხოვნა „გვესოს ფერმის“ პროდუქტებზე ძალიან მაღალია, რაც ძალიან დიდ მოტივაციას გვაძლევს“, - აღნიშნავს „გვესოს ფერმის“ წევრი.

დღეისთვის „გვესოს ფერმის“ ყველის რეალიზაცია კოოპერატივის პარტნიორ ონლაინმაღაზიებში, ყველისა და აგროპროდუქტების ნიშურ მაღაზიებსა და თბილისისა და რეგიონების რესტორნებში ხდება. მათ შორისაა: soplidan,ge; “ყველის გალერეა” თბილისში ფალიაშვილის ქუჩაზე, “ყველის სახლი” თბილისში ყიფშიძის ქუჩაზე, “ქართული კალათა” თბილისში ორბელიანის ქუჩაზე, ყველის მაღაზია ქუთაისში, „ფერმერი“ ვაჟა-ფშაველას გამზირზე, „აგრომანია“ ბათუმში და სხვა.

„გვესოს ფერმის“ პროდუქტები გემოვნური თვისებებით გამოირჩევა და განსაკუთრებულად სასარგებლოა, რადგან „ბედნიერი თხების“ რძე სავსეა ეკოლოგიურად სუფთა, მაღალმთიან საძოვრებზე ხელმისაწვდომი მცენარეებისგან მიღებული ვიტამინებითა და მინერალებით. „გვესოს ფერმა“ ამ ეტაპზე ევროპული სახეობის ყველს აწარმოებს და წარმოების ტექნლოგია და სახეობები (პრესილი თუ რბილი ყველი სხვადასხვა სასარგებლო მცენარეებთ: ბექქონდარით, როზმარინით, წითელი წიწაკით, პიტნით, ნივრით, დავანებული უსახელაურსა თუ თაფლში, ამოვლებული გააქტიურებულ ნახშირსა თუ პაპრიკაში) მრავალფეროვანია და რეგიონალური სიმდიდრეების წარმოჩენასაც ითალისწინებს. უსახელაურში დავანებულ ყველს გულგრილად ვერავინ ტოვებს“, - ახასიათებს „გვესოს ფერმის“ ყველის სახეობებს რუსუდან კბილაშვილი.

„გვესოს ფერმის“ გრძელადიან სტრატეგიულ მიზნებში ბიო, უდანაკარგო მეურნეობის განვითარება, ენერგოეფექტიანი დანადგარების გამოყენებით საოპერაციო დანახარჯების შემცირება, საკუთარი წყლის სისტემის შექმნა და ცხოველებისთვის დამატებითი საკვების საკუთარი წარმოების ამოქმედება შედის.

„უახლოესი გეგმები კი HACCP–ის სტანდარტის დანერგვას, რძის გადამამუშავებელი ხაზის წარმადობის ზრდას, თხის რძის პროდუქტების წარმოების ზრდას და სარეალიზაციო ქსელის გაფართოებას უკავშირდება. ჩვენი მიზანი, ჯერჯერობით, საქართველოს ბაზრის ათვისებაა“, - აღნიშნა კოოპერატივის მეპაიემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები