საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ზურაბ ეზუგბაიას განცხადებით, “საქმიანი ეზოების” ფორმატი შეიცვლება. როგორც მან პარლამენტში ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ტყის რეფორმის ფარგლებში შესაძლებელი გახდება საქმიანი ეზოების ახალი დატვირთვით გამოყენება. ამ საკითხზე ყურადღება ეზუგბაიამ დეპუტატ ილია ინჯიას კითხვის პასუხისას გაამახვილა. დეპუტატს აინტერესებდა, რა ბედი ეწევა მუნიციპალიტეტებში წლობით დასაწყობებულ, უკანონოდ მოპოვებულ და ჩამორთმეულ ხე-ტყის მასალას.
„მერქნული რესურსის და მრგვალი მორების დასაწყობების და მათი სწრაფი რეალიზაციის საკითხი იქნება სათანადო ყურადღების ქვეშ მოქცეული ტყით სარგებლობის წესის შესახებ კანონქვემდებარე ბაზაში შეტანილი ცვლილებებით, რასაც გამოიწვევს სავალდებულო წესით კანონპროექტის მიღება.
არამარტო მუნიციპალიტეტს აქვს დაგროვებული ეგეთი რესურსი, არამედ უშუალოდ ტყის სააგენტოსაც დაუდგა ის პრობლემა, რომ საქმიან ეზოში შეიძლება ზოგან იყოს შემორჩენილი გარკვეული მასალა, რომელიც ღია ცის ქვეშ არის, ეს იწვევს ლპობას, დაზიანებას და მისი ღირებულების დაკარგვას და საერთოდ ეს რესურსი მხოლოდ ადგილს იკავებს და დატვირთვა ბაზრისთვის დაკარგულია.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთი მხრივ საქმიანი ეზოების ფორმატი შეიცვლება რეფორმასთან ერთად, ვინაიდან აღარ იქნება დამზადებული ტყე სავალდებულოდ გადასატანი საქმიან ეზოებში. ამიტომ ჩვენ შევძლებთ უფრო მეტად ბრუნვის უზრუნველყოფას და საქმიანი ეზოების ახალი დატვირთვით გამოყენებას.
მეორე მხრივ, ამ რესურსების კონტროლის ქვეშ აყვანა, გეგმარებითი სამუშაოების წარმოება მოგვცემს საშუალებას, რომ ბაზრის განვითარებასთან ერთად, დროული რეალიზაცია მოხდეს და ეს ხე-ტყე არ დაზიანდეს“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის კუთხით "საქმიან ეზოებში" გამოჩნდება სივრცეები, რომლებიც შეიძლება იქნეს გამოყენებული სოციალური ჭრების კუთხით.
„2027 წლის 1 იანვრიდან ვაპირებთ, ეტაპობრივად მაინც გადავიდეთ სოციალური ჭრების ინსტრუმენტების შემცირებისკენ, რაც უნდა ჩანაცვლდეს მუნიციპალიტეტთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით იმ კუთხით, რომ სოცდაუცველი მოსახლეობისთვის მოხდეს მიზნობრივად მიწოდება იმ საშეშე მერქნის, რომელიც იქნება დამზადებული მოვლითი ღონისძიების დროს "საქმიან ეზოებში" და მუნიციპალიტეტებთან ამ სახის რესურსის მიზნობრივი გაცვლის ჯაჭვი აეწყობა“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის, პარლამენტი "ტყის კოდექსში" შესატან ცვლილებებს განიხილავს, რომელიც მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ტყის ფიზიკური დაცვის ფუნქციის აღდგენა, „ტყის მცველის“ პოზიციის შექმნა და 499 ადამიანის დასაქმება, მერქნული რეალიზაციის დამატებითი მექანიზმის შემოღება. შესაბამისი კანონპროექტი მთავრობის ინიციატივით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა. დოკუმენტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ დღეის მდგომარეობით სსიპ-დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიან ეზოებში დაგროვილია დაახლოებით 4000 კბ.მ საშეშე მერქანი, რომლის რეალიზაცია აუქციონებზე პრაქტიკულად ვერ ხერხდება.




























