მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტყუილების მთელ სიას გამოგიგზავნით" - პრემიერი სიცრუის გავრცელებაში BMG-ის დადანაშაულებას აგრძელებს

ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ტყუილების გავრცელებაში BMG-ის დადანაშაულებას აგრძელებს. დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ირაკლი კობახიძემ ამჯერად „ბიზნეს მედია საქართველო“ tv Pirvel-თან ერთად მოიხსენია, სადაც BMG-ის მიერ შექმნილი ორი მედიაპროექტი „საქმიანი დილა“ და „საქმის კურსის“ ორი გადაცემა რეტრანსლირდება.

მთავრობის მეთაურის მხრიდან BMG-ის მიერ დღეში 10-15 ტყუილის გავრცელების შესახებ ბრალდება პირველად 9 სექტემბერს, ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე მოვისმინეთ, თუმცა კონკრეტული მაგალითები ვერ დაასახელა და აღნიშნა, რომ ამ ინფორმაციას გამოგზავნიდნენ. ამის შემდეგაც რედაქციამ მთავრობის ადმინისტრაციას ბრალდების დამადასტურებელი მასალის წარდგენის განცხადებით მიმართა და პასუხის მოლოდინშია.

ირაკლი კობახიძემ დღესაც აღნიშნა, რომ „ტყუილების მთელ სიას“ გამოგზავნიან. პრემიერსა და BMG-ის ჟურნალისტს გიგა ბენიას შორის ამ თემაზე დიალოგი მოჰყვა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც გალის რაიონში განათლების სფეროში არსებულ ვითარებას შეეხებოდა.

BMG: თქვენი პრაგმატული პოლიტიკით, რომელიც თქვენი თქმით, "ქართულ ოცნებას" აქვს, რატომ არ ისწავლება გალის რაიონში ქართული ენა? მინდა გითხრათ, რომ 2014 წლამდე ქართული ენა გალის რაიონის სკოლებში ისწავლებოდა და მოსწავლეებს ქართულ სახელმძღვანელოებთან წვდომის პრობლემა არ ჰქონდათ. თქვენი პრაგმატული პოლიტიკით რატომ ვერ ახერხებთ, რომ იქ ქართული ისწავლებოდეს, როგორც ეს 2014 წლამდე იყო? უშუალოდ თქვენ თუ მოიკითხეთ გამოწვევები, რომელიც გალის რაიონშია, როდის იყავით ბოლოს საოკუპაციო ხაზთან და როდის ნახეთ ენგურის ხიდზე არსებული გამოწვევები... რატომ ვერ ახერხებთ იმას, რომ ქართველების უფლებები ისე იყოს დაცული, როგორც 2014 წლამდე იყო?

- ნაცმოძრაობა უფლებების დაცვასთან არაფერ შუაში არ იყო. რაც შეეხება იმას, რასაც კითხულობთ, თქვენ ამტკიცებთ, რომ პრობლემის მოგვარების გზა გვქონდა და საკმარისად არ ვიზრუნეთ ამისთვის?

BMG: მე არაფერს ვამტკიცებ, მე გეკითხებით - რა გააკეთეთ და რას აკეთებთ?

- თუ არ ამტკიცებთ, მაშინ თავად სცემთ პასუხს თქვენს კითხვას... რაც შეეხება იმ ვითარებას, რომელიც გალში ხდება, ესეც იმ პარტიის მემკვიდრეობაა, რომელსაც დღეს თქვენ ემსახურებით.

BMG: მე არავის ვემსახურები... შეგიძლიათ დამიმტკიცოთ, რომ რომელიმე პარტიას ვემსახურები?

- დიახ, რა თქმა უნდა, კოლექტიურ ნაცმოძრაობას...

BMG: როგორ დამიმტკიცებთ?

- თქვენი ტელევიზია პირდაპირ დგას კოლექტიური ნაცმოძრაობის სამსახურში...

BMG: თქვენ მსგავსი განცხადება ორშაბათსაც გააკეთეთ და როგორ ამტკიცებთ ამას...

- ადრე გაფინანსებდათ ნაცმოძრაობა, ახლა არსებითად ლელოს დაფინანსებაზე გადახვედით, ყოველთვიური დაფინანსება შეადგენს 240 000 ლარს, თუ ბოლო თვეების განმავლობაში არ მოგიმატათ... ეს რეალობაა, რომ ქეშად გაძლევთ ყოველთვიურად 240 000 ლარს ხაზარაძე... ქეშად...

- BMG-?

- არა, TV Pirvel- მთლიანად...

- რა შუაში ვარ TV Pirvel-თან?

- იქ მაუწყებლობთ თქვენ და ...

- ... და ვემსახურები ნაციონალურ მოძრაობას?

- რა თქმა უნდა, BMG ისეთივე ტყუილებით სავსე პროგრამაა...

- რატომ ვერ დაგვისახელეთ ტყუილები, რომელსაც ვავრცელებთ?

- ახლა მქონდა საუბარი და ტყუილების მთელ სიას გამოგიგზავნით..

Business Media Georgia (“ბიზნეს მედია საქართველო”) წარმოადგენს მულტიმედიურ რესურსს, რომელიც თავს უყრის ახალ ამბებს ბიზნესისა და ეკონომიკის შესახებ როგორც BMGTV-ის და სხვა არხის სატელევიზიო გადაცემებში, ისე - ონლაინგამოცემაში.

"ბიზნეს მედია საქართველოს მედია" პროდუქტები სრულად თავმოყრილია ვებგვერდზე bm.ge. ვებგვერდზე სიახლეები 4 ენაზეა ხელმისაწვდომი ( ქართული, ინგლისური, თურქული, რუსული )

BMG-ის სატელევიზიო გადაცემების ნახვა ყოველდღიურ რეჟიმში 24-საათიანი მაუწყებლობით შესაძლებელია BMGTV- ეთერში.

BMGTV-ის პარალელურად ორი გადაცემა "საქმიანი დილა" & "საქმის კურსი" რეტრანსლიების რეჟიმში გადაიცემა TV Pirveli- მაყურებლებისთვისაც.

ჩვენი მიზანია, საზოგადოებას სანდო, კომპეტენტური და ექსკლუზიური ინფორმაცია ოპერატიულად მივაწოდოთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები