საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე BMG-ის ტყუილების გავრცელებაში ადანაშაულებს.
მთავრობის მეთაურმა დღეს ადმინისტრაციაში გამართა პრესკონფერენცია, სადაც გააჟღერა, რომ NGO სექტორისთვის ფონდი შეიქმნება, ხოლო საგრანტო პროექტები ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
BMG დაინტერესდა, თუ როგორ წარმოუდგენია მთავრობას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც მთავრობის ფონდიდან ფინანსდება, გააკონტროლოს სწორედ ეს მთავრობა? ჟურნალისტმა მაგალითად მოიყვანა ბიზნესმიმართულებით მომუშავე ორგანიზაციები, რომლებიც მონიტორინგს უწევენ ისეთ საკითხებს, როგორიც არის რამდენად ეფექტიანად იხარჯება ბიუჯეტის ფული, სატენდერო პოლიტიკა როგორია და ა.შ.
პრემიერი ირწმუნება, რომ ეს პრაქტიკა სხვა ქვეყნებშიც არსებობს და მთავრობის მხრიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია შეძლებს, თავად ეს მთავრობაც გააკონტროლოს.
მთავრობის მეთაურმა ასევე თქვა, რომ მთავრობა მზად არის ითანამშრომლოს BMG-ისთან, თუკი ახალი მთავრობის პირობებში გამოქვეყნებულ განკარგულებებში კორუფციის ნიშნებს იპოვის, რაზეც ჟურნალისტმა უპასუხა, რომ მთავრობასთან ურთიერთობა გართულებულია.
ირაკლი კობახიძე: არაფერია გართულებული.
თელარა გელანტია: თქვენს პრესსამსახურს აქვს რამდენიმე წერილი, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის, თვეებია პასუხებს ვერ ვიღებთ, პასუხები არ მოგვდის. ჩვენი თხოვნა იქნება, თქვენ დაინტერესდეთ...
- თქვენ მოეშვით ტყუილებს და თანამშრომლობის პრობლემა არ იქნება.
- მინისტრები არ მოდიან ჩვენთან ინტერვიუებზე უკვე წლებია.
- თქვენთან როგორ მოვლენ? დღე არ გავა, რომ კონკრეტულად თქვენი მიმართულებით 10-15 ტყუილი არ გაჟღერდეს ეთერში.
- BMG-ის გულისხმობთ?
- დიახ. კონკრეტულად BMG-ის ვგულისხმობ.
- აუცილებლად დაგვისახელეთ, ისე ამ ბრალდებებს ვერ მივიღებთ. შეგიძლიათ ახლავე თქვათ...
- წერილობით გამოგიგზავნით ტყუილების ვრცელ ჩამონათვალს.
- მიშა ფეიქრიშვილი მომაწვდის ალბათ, ან მოგიწევთ ბოდიში მოგვიხადოთ ცილისწამებისთვის.
- ბატონო მიშა, თქვენ ხართ პასუხისმგებელი ჩემთან ერთად. ტყუილებით არის სავსე თქვენი ეთერი, რაზეა საუბარი.
- იმედია, ამ სიტყვებისთვის აგებთ პასუხს.
- რა თქმა უნდა.