კერამიკულ ჭურჭელში ტყვიის აღმოჩენის გამო „დომინოს“ პროდუქციის ამოღება დაევალა - ინფორმაცია სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გუშინ გაავრცელა.
BMG-სთან “კვადრუმ ჯორჯია ჯგუფის” მარკეტინგის ხელმძღვანელი თეიკო ლომინაძე აღნიშნულ თეფშებთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს.
მისი თქმით, კონკრეტული 154 ცალი თეფში, რომელშიც ტყვიის შემცველობა გამოვლინდა, ამოღებულია ჰიპერმარკეტ “დომინოს” ყველა ქსელიდან და მათ შორის ონლაინ გაყიდვებიდან.
“მას შემდეგ, რაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გამოგვიგზავნა შეტყობინება ტყვიის შემცველობის შესახებ, მოვახდინეთ მყისიერი რეაგირება და ყველა თეფში ამოვიღეთ ქსელიდან. მათ შორის ამოღებულია ჭიქები და სხვა ინვენტარი მიუხედავად იმისა, რომ შეტყობინება მხოლოდ თეფშებზე მოვიდა. აქვე ვიტყვი, რომ აღნიშნული პროდუქტის იმპორტი პოლონეთიდან განხორციელდა და იმ იმპორტიორ კომპანიას, საქართველოს გარდა, დამატებით, ევროკავშირის 10 ქვეყანაში შეაქვს პროდუქცია", - განმარტა მან.
ასევე, თეიკო ლომინაძის თქმით, მათ ვინც შეიძინა აღნიშნული თეფშები, შეუძლიათ პროდუქცია დააბრუნონ ქსელში და თანხას უკან დაიბრუნებენ.
“მინდა, ვუთხრა იმ 84 მომხმარებელს, რომლებმაც აღნიშნული კერამიკის თეფშები შეიძინეს, რომ ჩვენ შეგვიძლია თანხა მათ უკან დავუბრუნოთ, ყოველგვარი გადასახადის ქვითრის ჩვენების გარეშე, მთავარია ეს თეფშები მოიტანონ “დომინოს” ნებისმიერ ქსელში" - აღნიშნა “კვადრუმ ჯორჯია ჯგუფის” მარკეტინგის ხელმძღვანელმა.
შეგახსენებეთ, სეს-ის ცნობით, 25 ივლისს ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო შეტყობინება (2022.4294), რომლის მიხედვითაც პოლონეთის კომპეტენტურმა სამსახურმა ბაზარზე განხორციელებული კონტროლის დროს გამოავლინა ჩინური წარმოების -He Tai Ceramic Manufacturing CO., LTD კერამიკული თეფშებიდან (საკვებთან შეხებაში მყოფი მასალიდან), ტყვიის მიგრაციის ფაქტი (1,5+/-0,4 მგ/დმ2).
საქართველოში აღნიშნული პროდუქციის - თეფშები Ambition Junior, დიამეტრი-19 სმ, რაოდენობა-144, პარტიის ნომერი-281799BB, მიმღებ-იმპორტიორად დასახელებულია შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ - სავაჭრო ჰიპერმარკეტი „დომინო“.




























