მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"UAE ავტომობილების რეექსპორტში საქართველოს კონკურენტი გახდა"- Auto Market Logistic

ავტომობილები საქართველოდან ყაზახეთში-კავკასიის ავტოიმპორტის მორიგი წარმატებული პროექტი რეექსპორტის წახალისებისთვის.

ავტოლოგისტიკური კომპანია Auto Market Logistic-ის დამფუძნებლის დავით ბარამიძის თქმით, არაბთა გაერთიანებული საამიროები ავტომობილების რეექსპორტში საქართველოს კონკურენტი გახდა.

ბარამიძემ შს მომსახურების სააგენტოს მიერ სერვისების გაძვირების გადაწყვეტილებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ეს ფაქტი საქართველოს ავტოჰაბის ფუნქციას დააზიანებს.

Auto Market Logistic-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ ისეთ დროს, როცა საქართველოს ავტომობილების რეექსპორტის ნაწილში ემირატების სახით მნიშვნელოვანი კონკურენტი გამოუჩნდა, საქართველოში სერვისები არ უნდა ძვირდებოდეს. მისივე თქმით, დუბაიში ამერიკიდან ავტომობილების იმპორტი აქტიურად ხდება, შემდეგ კი ემირატებიდან რეექსპორტით ისეთ ბაზრებზე გადის, რომელზეც საქართველო მუშაობს.

პირიქით - უნდა ვეცადოთ ფასების დასტაბილურებას და შემცირებას, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ ერთადერთი ჰაბი.

ახლახან ვიყავი ემირატებში, ჩვენი კონკურენტები არიან, ანალოგიურ სერვისს სთავაზობენ მომხმარებლებს და ანალოგიური ავტოჰაბის როლს ასრულებენ. ავტომობილები კი ზუსტად იმ ქვეყნები გაჰყავთ, სადაც ჩვენ კლიენტები გვყავს.

რა პირობებს შევთავაზებთ ჩვენ როგორც ჰაბი და რა პირობებს მისცემენ ჩვენი კონკურენტები, ანუ ემირატები. ჩვენ თუ გავზრდით ფასებს, ხელოვნურად შევუქმნით ბარიერებს, ქვეყნიდან რომ არ განხორციელდეს დიდი მოცულობით ექსპორტი და რეექსპორტი.

ჩვენ ვცდილობთ გავიდეთ და გავაცნოთ ჩვენი შეთავაზებები სხვა ქვეყნებს, მაგრამ თუ სერვისის ფასების ზრდა მოხდება, რა თქმა უნდა, ეს შეაფერხებს და გაართულებს ჩვენს პოპულარიზაციას და იმ პოტენციური ხალხის შემოდინებას, ვინც შეიძლება საქართველოში შემოვიდეს და უფრო მეტი მანქანა გაიყვანოს ჩვენგან ექსპორტზე", - აცხადებს Auto Market Logistic-ის დამფუძნებელი დავით ბარამიძე.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ რეგულირებადი რიგი მომსახურებების საფასური მნიშვნელოვნად იზრდება. ცვლილებები შეეხება როგორც საქართველოში ტრანზიტულად გადაადგილებულ სატრანსპორტო საშუალებებზე გარე ტრანზიტული ნომრის გაცემას, ისე იმ უცხოელებისთვის სერვისებს, რომლებიც საქართველოში შეძენილ ავტომობილებს ექსპორტზე ან რეექსპორტზე გააქვთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა 640% ტრანზიტული ნომრების გაცემას შეეხო. ტრანზიტული ნომრის გაცემის საფასური 370 ლარი იქნება, მოქმედი 50 ლარის ნაცვლად.

რაც შეეხება ავტომობილების რეექსპორტის სტატისტიკას, მიმდინარე წლის 10 თვეში საქართველოდან 2,2 მლრდ აშშ დოლარის 92 713 ცალი მსუბუქი ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა. პირველ ხუთ ადგილს უკვე რამდენიმე წელია ყირგიზეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი და აზერბაიჯანი იკავებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები