მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

UAE და საქართველო - რას მოგვიტანს თავისუფალი ვაჭრობა UAE-სთან?

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს (UAE) ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომელიც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და სხვა ეკონომიკურ ურთიერთობებს ამარტივებს და აწესრიგებს. 

ხელმოწერის ცერემონიაზე ვიდეომიმართვით ჩაერთნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და დუბაის საამიროს მმართველი შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმი. 

შეთანხმებას ხელი საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა − ლევან დავითაშვილმა და საგარეო ვაჭრობის საკითხებში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა − თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდმა მოაწერეს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს შეთანხმება მტკიცე საფუძველს უყრის საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის უფრო მყარი და კონსოლიდირებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას.

2022 წელს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2022 წელს რეკორდულ 314 მილიონ დოლარს მიაღწია. ამ თანხიდან იმპორტზე 283 მილიონი დოლარი მოდიოდა, ხოლო ექსპორტი 31 მილიონი დოლარი იყო.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან მთავარი სავაჭრო საქონელი ელექტრონული აპარატები, კონკრეტულად კი სმარტფონებია. საქმე ისაა, რომ საქართველო მობილური ტელეფონების თითქმის ნახევარს სწორედ UAE-დან ყიდულობს და 2022-ში შესაბამისმა იმპორტმა 155 მილიონი დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზე 20.2 მილიონით თამბაქოს ნაწარმი, მესამეზე კი 12 მილიონი დოლარით კომპიუტერები იყო.

რაც შეეხება ექსპორტს საქართველოდან არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავარი სავაჭრო საქონელი მსუბუქი ავტომობილებია. გასულ წელს ექსპორტმა 11 მილიონი დოლარი შეადგინა. მეორე პოზიციაზე 2 მილიონი დოლარით ხალიჩები გავიდა, მესამე პოზიცია კი 1.9 მილიონით სპირტიანმა სასმელებმა დაიკავა.

2023 წლის 8 თვეში კი სავაჭრო ბრუნვა 277 მილიონ დოლარს შეადგენდა, აქედან იმპორტი 244 მილიონი დოლარი, ექსპორტი კი 32 მილიონ დოლარს შეადგენდა.

გასული წლის მსგავსად იმპორტში #1 ადგილი ($116 მილიონით) მობილურებს უჭირავს, მეორე ადგილზე ისევ თამბაქოს ნაწარმია (14.9 მლნ დოლარი), მესამეზე კი მსუბუქი ავტომობილებია – 12 მილიონი დოლარის ოდენობით.

ექსპორტში წელსაც პირველი ადგილი მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტმა დაიკავა (7.9 მლნ დოლარი), მეორე პოზიცია $5 მილიონით სპილენძის მადნებს უჭირავს, ხოლო მესამეზე ნავთობპროდუქტებია 2.8 მილიონით.

არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოში ერთ-ერთი აქტიური ინვესტორი ქვეყანაა. 2022 წელს FDI-მ 28 მილიონი დოლარი შეადგინა, 2021 წელს კი ის 31 მილიონი დოლარის ტოლი იყო. 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოში UAE-დან $20 მილიონი დოლარის ინვესტიციები შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31%-ით ნაკლებია.

რაც შეეხება სხვა ეკონომიკურ კავშირებს, 2022 წლის განმავლობაში საქართველოს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან 13 ათასი ვიზიტორი ესტუმრა, 2023 წლის პირველ ნახევარში კი ვიზიტორთა რაოდენობამ 5.7 ათასი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 28%-ით მეტია.

სტუმარი: დავით ცირდავა - აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის პირველი ვიცე-პრეზიდენტი;

#საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად;