არაბთა გაერთიანებული საამიროების [UAE] სახელმწიფო კომპანია Masdar-ი საქართველოში უმსხვილესი მზის ელექტროსადგურის პროექტის აშენებას გეგმავს.
პროექტის განხორციელების მიზნით, Masdar-მა და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა დღეს ერთობლივი კომპანია დააფუძნეს. ახალი სადგური გარდაბანში უნდა აშენდეს და მისი განხორციელების შესახებ საუბარი ჯერ კიდევ 2021 წელს დაიწყო, როდესაც შესაბამისი მემორანდუმი გაფორმდა.
მაშინ ითქვა, რომ პროექტის ღირებულება 87 მილიონი დოლარი იქნებოდა, ხოლო სადგურის სიმძლავრე 96 მეგავატი იქნებოდა. საგულისხმოა გარემოება, რომ დღეს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ახალი სადგურის პარამეტრების, ასევე საინვესტიციო მოცულობის შესახებ აღარაფერი წერია და მხოლოდ ნათქვამია, რომ ახალი სადგური იქნება ქვეყანაში ყველაზე დიდი. შესაბამისად, საჯაროდ უცნობია შენარჩუნდა თუ არა პროექტი იგივე პარამეტრებზე.
“მასდარსა და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს შორის ხელშეკრულება გაფორმდა ერთობლივი კომპანიის დაფუძნების შესახებ, რომელიც საქართველოში მზის ყველაზე დიდი სიმძლავრის ელექტროსადგურის პროექტს განახორციელებს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორმა ჯაბა ხმალაძემ და არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო კომპანია „მასდარის“ დირექტორმა მოჰამედ ჯამეელ ალ რამაჰმა.
ხელმოწერის დასრულების შემდეგ, "მასდარის" წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ. შეხვედრას და ხელმოწერის ცერემონიას ასევე ესწრებოდა საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩის დროებით მოვალეობის შემსრულებელი მუნირა ალმარზოოქი.
რომეო მიქაუტაძის განცხადებით, მზის ახალი ელექტროსადგური, რომლის მშენებლობაც გარდაბნის მუნიციპალიტეტში იგეგმება, შეამცირებს იმპორტზე დამოკიდებულებას და მოახდენს ელექტროენერგიის მიწოდების ადგილობრივი წყაროების დივერსიფიკაციას, ასევე ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიებისა და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული მიზნების მიღწევას და ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულებას. მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია საქართველოს მთავრობასთან მემორანდუმის გაფორმება და ტექნიკურ ეკონომიკური კვლევების განხორციელება.
შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოში არსებულ მიმზიდველ საინვესტიციო კლიმატს, მთავრობის მხარდაჭერას განახლებადი ენერგიების განვითარების მიმართულებით და მიმდინარე პროექტის პარალელურად, განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები,”- ნათქვამია ეკონმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უცნობია რა უნდა იყოს ახალი მზის სადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის საფასური იმისთვის, რათა აღნიშნული პროექტი ბიზნესურად მოგებიანი იყოს.
რას წარმოადგენს Masdar?
კომპანიის ვებგვერდზე მითითებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ენერგეტიკული კომპანია მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს პროექტებს, მათ შორის საუდის არაბეთში, ეგვიპტეში, დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და ა.შ.
Masdar არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი საინვესტიციო ჰოლდინგ „მუბადალას“ ერთ-ერთ წამყვან კომპანიას წარმოადგენს, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე განახლებადი ენერგიის პროექტებს ახორციელებს. რამდენიმე კვირის წინ განხორციელებული ცვლილებით, ჯამში Masdar-ს სამი მფლობელი ჰყავს: სახელმწიფო ნავთობის კომპანია; TAQA [აბუდაბის სახელმწიფო საინვესტიციო კომპანია] და ეროვნული ენერგეტიკული კომპანია. 2006 წელს დაფუძნებული კომპანიის მიზანია ენერგეტიკის გლობალურ ბაზარზე არაბთა გაერთიანებული საამიროების როლი გაზარდოს.
როგორც Reuters წერს, კომპანიას ჯამში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 20 მილიარდი დოლარის მოცულობის პროექტებში აქვს ინვესტიცია განხორციელებული. კომპანია ინვესტიციებს განახლებად ენერგიებში, ძირითადად კი მზისა და ქარის სადგურებში დებს. წინა კვირაში კომპანიამ ოფიციალურად განაცხადა, რომ მწვანე წყალბადის პროექტზე გერმანულ Uniper-თან იწყეებს თანამშრომლობას. Bloomberg-ის ინფორმაციით, თანამშრომლობა 1.3 გიგავატი სიმძლავრის მზის სადგურის მშენებლობას გულისხმობს.