მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

UAE-სთან საინვესტიციო პროექტების განხილვის ქმედითი მექანიზმი ჩამოყალიბდება - ეკონომიკის სამინისტრო

334

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ინგა ფხალაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერის შეხვდნენ, რომელიც საქართველოს კერძო სექტორის წარმომადგენლობითი დელეგაციით ეწვია.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორი ქვეყნის საჯარო და კერძო სექტორების ჩართულობით ჩამოყალიბდება საინვესტიციო პროექტების განხილვის ქმედითი მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების თანამშრომლობას ინვესტიციების მოზიდვისა და ახალი პროექტების განხორციელების მიმართულებით.

"შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ კავშირებზე და ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე იმსჯელეს. აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობაზე განახლებადი ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ტურიზმის სფეროებში. მხარეებმა ასევე ისაუბრეს სასურსათო უსაფრთხოების კუთხით ქართული საექსპორტო პროდუქციის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ექსპორტის ზრდასთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა საქართველოზე, როგორც გლობალურად მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე. გენადი არველაძე მიესალმა თბილისში Eagle Hills Georgia-ს ოფისის გახსნას და აღნიშნა, რომ კომპანიის მასშტაბური პროექტები ქვეყნის განვითარების ახალ, ისტორიულ ეტაპს ჩაუყრის საფუძველს.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე და საქართველოს ელჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გიორგი ჯანჯღავა",- აღნიშნულია პრესრელიზში.

როგორც გენადი არველაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების მაღალი დონის დელეგაციის მხრიდან განსაკუთრებული ინტერესი დაფიქსირდა როგორც სატრანსპორტო-ლოგისტიკის, ისე ენერგეტიკის მიმართულებით ინვესტიციების განხორციელებაზე.

„არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრთან საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა შედგა. დელეგაცია საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო - მის შემადგენლობაში ბიზნეს-სექტორის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იყვნენ. ვიმსჯელეთ სხვადასხვა საინვესტიციო პროექტზე, ასევე როგორც მიმდინარე, ისე სამომავლო ინიციატივების შესახებ.

შევთანხმდით კონკრეტული მექანიზმის ჩამოყალიბებაზე, რომელშიც როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლები ჩაერთვებიან. აღნიშნულ ფორმატში სხვადასხვა საინვესტიციო პროექტს განვიხილავთ. ეს იქნება პრაქტიკული ინსტრუმენტი ოპერატიული და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მისაღებად“, - განაცხადა გენადი არველაძემ.

თავის მხრივ, არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრმა, საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერიმ თქვა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს განიხილავს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს.

„არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ჩვენ მოვედით გზავნილით, რომ საამიროებში ბიზნესი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა. შეხვედრაზე არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მრავალი შესაძლებლობა მიმოვიხილეთ. ყურადღება გამახვილდა უძრავი ქონების სექტორსა და პორტების საქმიანობაში მიღწეულ პროგრესზე; ასევე, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის პარტნიორობას ენერგეტიკის, ტურიზმისა და ავიაციის მიმართულებებით. გარდა ამისა, განვიხილეთ თანამშრომლობა რეგიონულ დონეზე და როგორ შეიძლება არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა მხარი დაუჭიროს რეგიონში ენერგეტიკული, სარკინიგზო თუ ლოგისტიკური კავშირების განვითარებას,” - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრის შემდეგ.

საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერის თქმით, ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად კვლავ პორტები რჩება, საამიროების ერთ-ერთმა მთავარმა მოთამაშემ ლოგისტიკის სფეროში, AD Port-მა, საქართველოში ინვესტიცია უკვე განახორციელა.

„რაც შეეხება სხვა პროექტებს, მაგალითად, უძრავი ქონების სფეროს - Eagle Hills უკვე კარგად არის დამკვიდრებული ბაზარზე და აქტიურად ცდილობს საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საუკეთესო პრაქტიკა და გამოცდილება დანერგოს“, - აღნიშნა საიდ ალ ჰაჯერიმ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები