მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უახლოეს მომავალში თბილისში ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობის აქტიური ფაზა დაიწყება - „ნიკორა ტრეიდი"

თემურ ალექსანდრია

„ნიკორა ტრეიდმა“, 120 მლნ ლარის ემისიის პირველი ტრანში, 60 მლნ ლარის 5-წლიანი ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა. როგორც BMGTV-ის გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში, „ნიკორა ტრეიდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თემურ ალექსანდრიამ განაცხადა, ემისიიდან ემისიამდე მოცულობები იზრდება, რაც ინვესტორების მხრიდან ნდობაზე მიუთითებს კომპანიის მიმართ.

რაც შეეხება პროექტებს, ალექსანდრიას თქმით, აღნიშნული ობლიგაციები სრულად იქნება მიმართული ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობისკენ, რომლის სანებართვო დოკუმენტაციაზე მუშაობაც უკვე დასრულებულია. მისი ინფორმაციით, უახლოეს მომავალში მშენებლობის აქტიური ფაზაც დაიწყება.

„რაც შეეხება ლოგისტიკურ ცენტრს, ეს იქნება თბილისის ტერიტორიაზე აეროპორტის მიმდებარედ, 42 ათას კვადრატულ მეტრზე განთავსებული, თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრი, რომელიც თითქმის სრულად უზრუნველყოფს ჩვენს ტვირთბრუნვას და ალბათ საინტერესოა ასევე, რა დადებითი ეფექტები ექნება როგორც კომპანიისთვის, ასევე მომხმარებლისთვის. მთლიანად მიწოდების ჯაჭვი იქნება უწყვეტი და ნაცვლად იმისა, რომ მაღაზიებში ცალ-ცალკე მივიღოთ საქონელი, ერთ წერტილში მივიღებთ ყველაფერს და შემდგომ ცენტრალიზებულად გავანაწილებთ“, - განაცხადა ალექსანდრიამ და დასძინა, რომ მიწოდების ჯაჭვი იმდენად ეფექტიანი გახდება, რომ გააიაფებს მომსახურებას და ეს თავისთავად აისახება პროდუქტის ფასებზეც.

„ნიკორა ტრეიდის“ აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ლოგისტიკური ცენტრის თავზე განთავსდება მზის პანელები, რომლებიც ცენტრის უზრუნველყოფას მოახდენენ ელექტროენერგიით და ეს იქნება მწვანე ენერგიისკენ გადადგმული ნაბიჯი.

„მნიშვნელოვნად შემცირდება ასევე სადისტრიბუციო მანქანების რაოდენობა, აღარ ივლის ასეულობით მანქანა, რომელიც დღეს გვემსახურება“, - თქვა მან.

თემურ ალექსანდრია ვარაუდობს, რომ ლოგისტიკური ცენტრი მშენებლობის დაწყებიდან 2 წელიწადში დასრულდება და ძალიან ბევრ პროდუქციას დაიტევს.

გარდა ამისა, თემურ ალექსანდრიას ინფორმაციით, დარჩენილი 60 მილიონი ლარის ემისიის განთავსება დაგეგმილია შემდეგი წლის პირველ ნახევარში და ისიც ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობისკენ იქნება მიმართული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები