„ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის ვახტანგ ბეჟიტაშვილის პროგნოზით, უახლოესი ერთი თვის ხილსა და ბოსტნეულზე ფასების კორექცია მოსალოდნელი არ არის. ამის შესახებ მან BM.GE-ს განუცხადა.
მისივე თქმით, თებერვალში ფასების გარკვეული კორექცია შეიძლება ცალკეულ პროდუქტებზე შეინიშნებოდეს, თუმცა ეს ვერ ასახავს ბაზარზე მასშტაბურ გაიაფებას.
„შესაძლოა მცირე ცვლილება იყოს. მაგალითად, კიტრი თუ ახალ წელს 18 ლარი ღირდა, ახლა შეიძლება 14 ლარი ღირდეს, მაგრამ ისეთი საგრძნობი ცვლილება, რომ ბაზარზე 26-28%-იანი გაიაფება იყოს, ნამდვილად არ ჩანს. ასეთი სხვაობა ბაზარს აუცილებლად დაეტყობოდა“, - ამბობს ასოციაციის ხელმძღვანელი.
მისი განმარტებით, ფასების შემცირება ძირითადად სეზონურ ფაქტორზეა დამოკიდებული და მაშინ დაიწყება, როდესაც ბაზარზე ღია გრუნტზე მოყვანილი ადგილობრივი მოსავალი გამოჩნდება.
"ფასების კლების მოლოდინი მაშინ გაჩნდება, როდესაც ადგილობრივი მოსავალი, განსაკუთრებით ღია გრუნტზე მოყვანილი პროდუქცია, ბაზარზე მასობრივად შემოვა. საქართველოში სასათბურე მეურნეობები დიდი მასშტაბის არ არის და ამ სექტორში გარკვეული კომპანიები დომინირებენ - მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი „პლანტა“, რომელიც ივანიშვილის ოჯახს უკავშირდება. შესაბამისად, როდესაც ღია გრუნტზე მოყვანილი მოსავალი გამოჩნდება, კონკურენცია გაიზრდება და პროდუქციის რაოდენობაც მოიმატებს, რაც ფასების შედარებით შემცირებას გამოიწვევს. თუმცა, ეს პროცესი უახლოეს პერიოდში არ მოხდება - სავარაუდოდ, დაახლოებით ორი-სამი თვის შემდეგ. მანამდე ფასების კლება, ბუნებრივია, მოსალოდნელი არ არის", - აღნიშნავს ვახტანგ ბეჟიტაშვილი.
ის ასევე აფასებს ოფიციალურ სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც თებერვალში ყველაზე მეტად გაიაფებულ პროდუქტებს შორის მწვანილი ლიდერობს და მისი ფასი დაახლოებით 28%-ით შემცირდა. ბეჟიტაშვილის შეფასებით, ბაზარზე მსგავსი მასშტაბის გაიაფება რეალურად არ ფიქსირდება.
„ზოგადად ფასების ასეთი კლება რეალურად არც ერთ პოზიციაზე არ გვაქვს, მათ შორის არც ხილსა და ბოსტნეულზე. სავარაუდოდ, ეს სტატისტიკა დამახინჯებულია და გარკვეულ მანიპულაციასთან გვაქვს საქმე. რეალური სურათი არის ის, რომ კლება არც ერთ მიმართულებაზე არ ფიქსირდება“, - აცხადებს ის.




























