მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უამინდობის გამო მოსავლის 50% განადგურდა" - რაჭული მეღვინეობა "ღვინუკა"

ღვინუკა

რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ყურძნის კრეფა-დაბინავება დაიწყო. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს საპროგნოზო მოსავალი  1500-2000 ტონის ფარგლებშია. მოსავლის დაბინავების პროცესში 40-ზე მეტი კომპანია იქნება ჩართული.

როგორც რაჭული მეღვინეობა “ღვინუკას” დამფუძნებელი BM.GE-სთან აცხადებს, მევენახეებისთვის წლევანდელი რთველი განსაკუთრებულად რთული იქნება. ზუკა მაისაშვილის განმარტებით, უხვნალექიანმა ზაფხულმა და სეტყვამ ყურძნის მოსავლის 50% გაანადგურა.

"ძალიან რთული რთველი გვაქვს, მოსავალი ცუდი და რაოდენობრივად ცოტაა. აღსანიშნავია ისიც, რომ შემდგომი 3-4 დღე წვიმებია გამოცხადებული და დღეს ყურძნის მასიური კრეფა მიმდინარეობს, ვინაიდან თუ ვერ მოესწრება დაკრეფა, არ ვიცით, აქედან 5 დღეში მასიური წვიმების ფონზე რა იქნება გადარჩენილი", - ამბობს ზუკა მაისაშვილი.

ამასთან, მეღვინეობის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ მოსავლის 50% განადგურდა და წარმადობა განახევრდა.

"ჩვენი მოსავლის 50% განადგურდა და წარმადობა, ფაქტობრივად, განახევრდა. წელს მუშახელის ნაკლებობა აქტუალური პრობლემა არ ყოფილა, ვინაიდან დიდი მოსავალი აღარ დარჩა დასაკრეფი", - დასძინა მან.

კითხვაზე, გაძვირდება თუ არა ღვინის ფასი დღევანდელი მოცემულობით, ზუკა მაისაშვილი პასუხობს:

"ჩვენ ყოველწლიურად ვიბარებდით ყურძენს ფერმერებისგან, თუმცა, მიმდინარე წელს არც ერთი კილოგრამი ყურძენი არ ჩაგვიბარებია, აქედან გამომდინარე, დაიწურება ის, რაც გვაქვს და ღვინის ფასი არ გაიზრდება, თუმცა, რაოდენობრივად განახევრებული იქნება", - დასძინა მან.

ცნობისთვის: მეღვინეობა „ღვინუკა“  2018 წელს შეიქმნა. კომპანია ყოველწლიურად 10-დან 15 ათასამდე ბოთლ ღვინოს აწარმოებს, რომლის 60-70% ექსპორტზე გააქვს. „ღვინუკა“ 4 სახეობის ღვინოს ძელშავს, მუჯურეთულს, თეთრასა და ცოლიკაურს აწარმოებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები