ლონდონში, ფესტივალზე „The Ultimate CEE Wine Fair“ ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა - ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის ,,Swirl Wine Group“ ორგანიზებით, დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით ჩატარდა - ინფორმაციას ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენო ავრცელებს.
აღნიშნული ფესტივალი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მეღვინეებს აერთიანებს. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, ქართული ღვინის მწარმოებელი 20-მდე კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინო დაეგემოვნებინათ.
ფესტივალის ფარგლებში ქართული ღვინის მასტერკლასიც გაიმართა, სადაც სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული ქართული ღვინოები იყო წარმოდგენილი. მასტერკლასს მედიის, კომერციული და HoReCa სექტორის 40-მდე წარმომადგენელი დაესწრო.
"ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური უზრუნველყოფით, 2026 წელს დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის მარკეტინგული კომპანია „Swirl Wine Group” მიმდინარეობს. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, დეგუსტაცია-სემინარები დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა ქალაქში იმართება; ქართული ღვინო წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე, ხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები", - ვკითხულობთ პრესრელიზში.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან გაერთიანებულ სამეფოში $604 ათასის ღირებულების 125 ათასი ლიტრი ნატურალური ღვინო გავიდა, რაც გასული წლის ღირებულებას ($596.7 ათასი) 1.2%-ით, მოცულობას კი (115 ათასი ლიტრი) 8.5%-ით აღემატება.
რაც შეეხება წლიურ მონაცემებს, საქართველოდან გაერთიანებულ სამეფოში ექსპორტირებული ღვინის ღირებულების დინამიკა 2019-2025 წლებში ცვალებადობით ხასიათდება:
2019 წელს დაფიქსირებული 637.2 ათასი დოლარიდან, 2020 წელს მაჩვენებელი 1.3 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო 2021 წელს პიკურ ნიშნულს - 2.1 მილიონ დოლარს მიაღწია.
მომდევნო ორ წელში ექსპორტის ღირებულება შემცირდა, 2024 წლიდან კი კვლავ ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა. ხოლო 2025 წლის მონაცემებით, გაერთიანებულ სამეფოში გასული ქართული ღვინის ღირებულება 1.7 მილიონი დოლარით არის განსაზღვრული.




























