დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის და ინტენსიური თოვის მიუხედავად, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ამ ეტაპისთვის, რეისები ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დიდთოვლობის მიუხედავად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესაბამისი სამსახურები თვითმფრინავის მოყინვის საწინააღმდეგო პროცედურებს დროულად ახორციელებენ და დღეისთვის დაგეგმილი ყველა რეისის მიღება და გაშვება შეუფერხებლად სრულდება.
"წვიმისა და ძლიერი ქარის გამო, ავიაკომპანია Israir Airlines-ი კუთვნილი ეარბას A320 თვითმფრინავი ბათუმში ვერ დაჯდა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღო.
მგზავრების ტრანსპორტირება ბათუმში ავტობუსებით განხორციელდა. 69 მგზავრი კი, რომლებიც ბათუმიდან ისრაელში მიფრინავდნენ, უახლოეს საათებში თელ-ავივში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაფრინდებიან", - ნათქვამია აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციაში.