მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“უარყოფითი მხარე გაზრდილი ბიუროკრატიაა” - Grant Thornton-ი მეწარმეთა შესახებ კანონპროექტზე

5f4decf7c3716
ლიკა გურაბანიძე
01.09.20 10:40
1250
"დოკუმენტი გახსნილობის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე გამართულია, რადგან ჩართული იყო კერძო სექტორი, ბიზნეს ასოციაციები და მომზადებულია რეგულირების გავლენის შეფასების დოკუმენტი (RIA). შესაბამისად, ეს კანონპროექტი ამ ეტაპზე მისაღებია, ხოლო შემდგომი მოსმენებით სხვა დაინტერესებული მხარეები ჩაერთვებიან,” - ამის შესახებ - Grant Thornton Georgia-ს პარტნიორმა პაატა შურღაიამ “საქმიან დილაში” მეწარმეთა შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების შეფასებისას განაცხადა.

როგორც შურღაია აღნიშნავს, კონკრეტული მიმართულებები, რის შესახებაც კანონპროექტზე საუბრისას იურისტები მიუთითებენ (მაგალითად ის, რომ კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის), სამომავლოდ აღმოიფხვრება.

“2012 წლიდან, ახალი ხელისუფლების პირობებში მეწარმეთა შესახებ კანონში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა. თუ ჩვენ Doing Business-ის დინამიკას დავაკვირდებით, 2019 წელს მეორე ადგილზე ვიყავით, ხოლო 2020 წელს მინორიტარული მეწილეების უფლებების დაცვის კუთხით მე-7 ადგილზე ვართ. ანუ თუ ჩვენ ერთი მხრივ ვამბობთ, რომ ცვლილებები საჭიროა და ეს მართლაც ასეა, რადგან ბიზნესის გადმოსახედიდან მინორიტართა უფლებები დარღვეული იყო, ახლა იმის თქმა, რომ მნიშვნელოვნად რაღაცეები იცვლება, ბუტაფორიული შეფასებაა. მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ინდექსი Doing Business არასწორად ზომავს რაღაცეებს ანუ რეალურად არ აფასებს იმ სამყაროს, რომელშიც ვცხოვრობთ“, - განმარტა Grant Thornton Georgia-ს პარტნიორმა.

მისივე თქმით, ახალი კანონპროექტი, ბიზნესისთვის ხარჯების და ბიუროკრატიის ზრდას გამოიწვევს.

“ახალი კანონპროექტი მთლიანად ცვლის სააქციო საზოგადოების მიმართ მოთხოვნას, ხოლო შპს-ებთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილებები იქნება საჭირო. კანონპროექტის RIA-ს დოკუმენტში არის რაოდენობრივი და ხარისხობრივი გაზომვა. შესაბამისად, პირველი რამდენიმე წელი ეს ხარჯებს ზრდის, თუმცა შემდგომ წლებში ე.წ. ადმინისტრაციული ხარჯები იკლებს. დამატებით ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც ამ ყველაფრის უარყოფითი მხარეა, გაზრდილი ბიუროკრატიაა. უფრო კონკრეტულად კანონი წესდების ნაწილში პარტნიორთა შეთანხმებას ითვალისწინებს, ხოლო ეს ჩარჩო წესდებად იშლება და სხვა ტიპის დოკუმენტებად, რომელსაც იუსტიციის მინისტრი გამოსცემს. ის პრაქტიკა, რომ შაბლონურად წესდებებს ვაკოპირებთ, საქართველოში უნდა შეიცვალოს. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს საერთაშორისო კომპანიებს არ ეხება“, - აღნიშნა შურღაიამ.

ცნობისთვის, აგვისტოს პირველ ნახევარში საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა "მეწარმეთა შესახებ კანონში" შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც ახალი წესით აწესრიგებს კომპანიების პარტნიორთა შორის ურთიერთობებს, მათ შორის განსაზღვრავს უფლებების დაცვის უფრო მაღალ სტანდარტს მინორიტარი მეწილეების მიმართ. კანონპროექტის მიხედვით ყველა იურიდიულ პირს 2-წლიანი ვადა ექნება იმისათვის, რომ კანონის შესაბამის მოთხოვნებს მოერგოს და დააკმაყოფილოს.

"მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი (სრული ვერსია)



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები