მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უარყოფითი სცენარის შემთხვევაში, მთავრობა 2025 წელს მინიმუმ 3%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის - დავითაშვილი

დავითაშვილი

"ქართული ოცნების" მთავრობის ვიცე-პრემიერის ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მიმდინარე პროცესების შესაბამისად, მთავრობას ეკონომიკის განვითარების სცენარის რამდენიმე ვერსია აქვს, მათ შორის საბაზო სცენარი ეკონომიკის 6%-იან ზრდას ითვალისწინებს. ამასთან, მისი თქმით, არსებობს გარკვეული უარყოფითი სცენარიც, რომელიც საბაზო სცენარიდან მცირე გადახვევას გულისხმობს - თუმცა ქვეყნის ეკონომიკის ზრდა დაახლოებით 3%-ზე მაღალი მაინც იქნება.

„ჩვენ გვაქვს ოპტიმისტური სცენარიც, რომელიც 6%-ზე უფრო მაღალ ზრდას მოიაზრებს. ღიად ვამბობ, რომ ჩვენ სხვადასხვა სცენარს განვიხილავთ, მათ შორის უარყოფითსაც, თუმცა აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი მოლოდინია, რომ მინიმუმ საბაზო სცენარის გარშემო გვექნება ეკონომიკური ზრდა. მათ შორის, ამაზე იქიდან გამომდინარე ვსაუბრობთ, რომ ჩვენი, მთავრობის გუნდის განწყობა და მოლოდინებიც არის, რომ პოლიტიკური ვითარება უნდა განიმუხტოს, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე ბევრი რამ შეიცვლება და ეს ყველაფერი, წესით, შეიძლება გადაითარგმნოს პირიქით - უფრო დადებით, პოზიტიურ სცენარში. აქედან გამომდინარე, ჩვენ შემართებით ვაგრძელებთ მუშაობას“, - განაცხადა დავითაშვილმა.

დავითაშვილმა ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების განვითარების შესაძლებლობებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ახალი არჩევნების მოთხოვნა, რომლის გამოც მოქალაქეების ნაწილი თითქმის ორი თვეა ქუჩაშია საფუძველს მოკლებული და არაგონივრულია.

„არც დავიწყებ საპროტესტო აქციების მოთხოვნების შეფასებას, ამაზე ჩემი პოზიცია ძალიან გასაგებია - დღეს როგორ უნდა ვსაუბრობდეთ რაიმე ტიპის არჩევნებზე? არჩევნები ჩატარდა, ქვეყანამ უნდა გააგრძელოს მუშაობა თავის რეჟიმში, უნდა გააგრძელოს იმ ამოცანების შესრულება, რაც თითოეული ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყნის, საზოგადოების და პიროვნებებისთვის. რაც შეეხება დემოკრატიულ პროცესებს - ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ საზოგადოებაში, მიმდინარე წელს გვექნება ადგილობრივი არჩევნები და თუ ქვეყანაში რაიმე კითხვა არსებობს პოლიტიკური მხარდაჭერის კუთხით, მიმდინარე წელს ეს შეიძლება ძალიან მარტივად გაირკვეს. აქედან გამომდინარე, საფუძველს მოკლებული და გარკვეულწილად ზედაპირულიც მგონია ასეთი მოთხოვნების დაყენება. ამიტომ ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დღეს საზოგადოებამ უფრო მეტად ორიენტირება გავაკეთოთ იმ მიმდინარე ამოცანების შესრულებაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ქვეყანა იყოს წარმატებული რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები