მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უარყოფითი ტენდენცია გრძელდება, პროგნოზი შეუძლებელია" - რა ვითარებაა ფეროშენადნობების ბაზარზე?

ფეროშენადნობები ჯორჯიან მანგანეზი

ფეროშენადნობების ბაზარზე კრიზისი გრძელდება. მკვეთრად შემცირებულია საქართველოდან ფეროს ექსპორტი. აგვისტოში ექსპორტზე მხოლოდ $3.6 მლნ. ფეროშენადნობები გავიდა, ჯამში 2023 წელს $115 მლნ. ფეროშენადნობები გავიდა ექსპორტზე, კლება წლიურად 69%-ია. 

“საქართველოს ფეროშენადნობების მწარმოებელთა ასოციაციის” ხელმძღვანელის, ნუგზარ კევლიშვილის განცხადებით, უარყოფითი ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. როგორც მან “საქმის კურსის” ეთერში აღნიშნა, ფეროშენადნობების ბაზარზე გადამწყვეტი უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულება იქნება. 

“სამწუხაროდ, უარყოფითი ტენდენცია გრძელდება. პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია.  სანამ ომი არ დასრულდება, ევროპაში რაიმე უკეთესობაზე საუბარი ზედმეტია. უკრაინის ომი იქნება გადამწყვეტი, ამას ელოდება არა მხოლოდ ფეროშენადნობების წარმომადგენლები, არამედ მეტალურგები და ა.შ.“, - განაცხადა ნუგზარ კევლიშვილმა. 

როგორც ნუგზარ კევლიშვილმა აღნიშნა, ევროპის ბაზართან ერთად, გამოწვევებია თურქეთის ბაზარზეც. მისი თქმით, მეტალის წარმოება 2018 წლის ნიშნულამდე ჩავიდა. 

“თურქეთის ბაზარს რაც შეეხება, აქაც უარყოფითი ტენდენციაა. მეტალის წარმოება 2018 წლის ნიშნულამდე ჩამოვიდა. 2022 წლიდან კლება დაიწყო წარმოებამ, ავტომატურად ფეროშენადნობებზე მოთხოვნა შემცირდა. ეს არა მხოლოდ საქართველოდან იმპორტირებულს, არამედ უკრაინიდან და ინდოეთიდან იმპორტირებულსაც ეხება. რაც შეეხება რუსეთის ბაზარს. ეს ბაზარი  უკრაინული და ქართული ფეროშენადნობებისთვის ისევ დახურულია. ამან საკმაოდ ნეგატიური გავლენა იქონია ქართული ბაზრისთვის”, - აღნიშნა ნუგზარ კევლიშვილმა. 

რაც შეეხება აშშ-ის ბაზარს. “საქართველოს ფეროშენადნობების მწარმოებელთა ასოციაციის” ხელმძღვანელის განცხადებით, ფასები ამ ბაზარზეც იკლებს, თუმცა ქართულ ფეროშენადნობებზე მოთხოვნა არსებობს. 

“აშშ სტაბილურია ბაზარია, ჩვენთვის ღიაა,  2022 წლის ზაფხულიდან  დღემდე ფასი 1500 დოლარით დაეცა. კონკურენტები გვყავს, თუმცა ქართულ ფეროებზე მოთხოვნა მეტ-ნაკლებად არის”, - აღნიშნა კევლიშვილმა. 

აღსანიშნავია, რომ ქართულ ფეროშენადნობების ბაზარზე არსებული ვითარების გამო, კომპანიების ნაწილმა მუშაობა რამდენიმე თვეა შეაჩერა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები