Uber-მა, Nuro-მ და Lucid-მა სან-ფრანცისკოსში საჯარო გზებზე ელექტრომობილ Lucid Gravity-ს ბაზაზე შექმნილი რობოტაქსის ტესტირება ოფიციალურად, უსაფრთხოების გამკონტროლებელი მძღოლის გარეშე დაიწყეს.
კომპანიების განცხადებით, ამ ეტაპზე უპილოტო სერვისით სარგებლობას კომპანიის თანამშრომლები შეძლებენ, კომერციული ოპერაციების გაშვება კი ამავე რეგიონში 2027 წლის პირველ კვარტალში დაიწყება. ამის შემდეგ პარტნიორები სერვისის გაფართოებას ჰიუსტონშიც ცდიან.
როგორც მედია წერს, Lucid-ი კომერციული ავტოპარკისთვის განკუთვნილი პირველი ავტომობილების წარმოებას უახლოეს კვირებში დაიწყებს. მომდევნო წლებში კი Uber-ი Nuro-ს თვითმართვადი სისტემით აღჭურვილი დაახლოებით 35,000 ერთეული Lucid-ის ელექტრომობილის განთავსებას ათეულობით ქალაქში განახორციელებს. ერთობლივი პროექტი Uber-ის მგზავრთა გადაყვანის პლატფორმას, Nuro-ს უპილოტო მართვის ტექნოლოგიასა და Lucid-ის ელექტრომობილებს გააერთიანებს.
აღსანიშნავია, რომ კონკურენტების ოთხადგილიანი მოდელებისგან განსხვავებით, Lucid Gravity ექვს მგზავრს იტევს და ბარგისთვისაც საკმარის სივრცეს ტოვებს. უსაფრთხო ნავიგაციისთვის ელექტრომობილი კამერებით, ლიდარებითა და რადარებით არის აღჭურვილი.
Uber-ის უპილოტო მობილობის მიმართულების გლობალურმა ხელმძღვანელმა, სამართ კეჯრივალმა განაცხადა, რომ საჭესთან უსაფრთხოების ოპერატორის მოხსნა პარტნიორობის მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება და საერთო სამოქმედო გეგმის წარმატებით შესრულების ყველაზე ნათელი დასტურია. მისი თქმით, მომდევნო თვეებში დაგეგმილი პირველი სამგზავრო რეისების მოსამზადებლად კომპანიები ოპერაციების, ინფრასტრუქტურისა და სალონის კომფორტის დახვეწაზე ერთობლივად იმუშავებენ.
ცნობისთვის, Uber-მა, Nuro-მ და Lucid-მა სტრატეგიული პარტნიორობა 2025 წლის ივლისში გამოაცხადეს. ამის შემდეგ Nuro-მ კალიფორნიის მარეგულირებლებისგან შესაბამისი ნებართვები მიიღო და 2025 წლის დეკემბრიდან სან-ფრანცისკოსა და ჰიუსტონში ელექტრომობილს უსაფრთხოების მძღოლის მეთვალყურეობით ცდიდა.
























