მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

UBG-მა პირველად ექსპორტზე $30 000-ის სამშენებლო საყალიბე სისტემები გაიტანა

5e3abc948b45a
ვიქტორია მღებრიშვილი
05.02.20 20:00
2346
სამშენებლო მასალების ადგილობრივმა მწარმოებელმა - Universe Business Group-მა 4 თებერვალს, საქართველოდან პირველად, ექსპორტზე 30 000 დოლარის ღირებულების 50 ბეტონის ჩასასხმელი საყალიბე სისტემა გაიტანა. ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა რომან ბადალიანმა განუცხადა.

მისი თქმით, პირველი საექსპორტო ქვეყანა სომხეთი იყო, თუმცა კომპანია სამშენებლო მასალების ექსპორტზე გატანის შესაძლებლობას სხვადასხვა მიმართულებით ამუშავებს.

„ჩვენ გასული წლის დეკემბერში მონაწილეობა მივიღეთ ექსპო ბათუმის გამოფენაზე და იქ ჩამოსული იყო სამშენებლო კომპანია სომხეთიდან, რომელმაც საყალიბე სისტემები დაგვიკვეთა. ეს არის ადგილობრივი წარმოების ყალიბების პირველი რეალიზაცია საქართველოდან საზღვარგარეთ.

ვფიქრობთ, განვაგრძოთ ამ მიმართულებით მუშაობა. მიზნობრივი ქვეყნებია როგორც დსთ-ის, ასევე აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის და ლათინური ამერიკის ქვეყნები. დავიწყეთ შესწავლა სად მეტია სამშენებლო სექტორში აქტივობა და მიმდინარე წელს მინდა აფრიკაში ერთ-ერთ გამოფენას ვეწვიო. მერე უკვე შორეული გეგმები გვაქვს“, - განაცხადა UBG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

რომან ბადალიანმა აღნიშნა, რომ ექსპორტზე ხარაჩოების გატანასაც გეგმავს.

„ამასთან ერთად, ვაწარმოებთ საფასადე და მოძრავ ხარაჩოებს, როგორც გარე გამოყენებისთვის, ასევე ინტერიერისთვის. გვაქვს სურვილი, რომ ამ ხარაჩოებითაც გავიდეთ ექსპორტზე. კონკურენციას ვუწევთ როგორც ჩინურ, ასევე რუსულ ხარაჩოებს, ხარისხითაც არ ჩამოვრჩებით და ფასი კიდევ უკეთესი გვაქვს“, - აცხადებს რომან ბადალიანი.

კითხვაზე - მზად არიან თუ არა სამშენებლო მასალების სექტორში ბაზარზე არსებულ მსხვილ მოთამაშეებს გაუწიონ კონკურენცია მსოფლიო ბაზარზე, UBG-ის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ისინი მათ ხარისხთან ერთად ხელმისაწვდომი ფასებით დაუპირისპირდებიან.

„პროდუქტზე მოთხოვნა ამ მიმართულებებიდან არსებობს. მსოფლიო ბაზარზე მოღვაწე სამშენებლო მასალების მწარმოებელ კომპანიებთან - წამყვან ევროპულ ბრენდებთან კონკურენციის გაწევა რთული იქნება, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ჩვენი გამომუშავებული მეთოდიკითა და ტექნოლოგიით შექმნილი უფრო ხელმისაწვდომი პროდუქტის მიწოდებით შევძლებთ ვიყოთ კონკურენტუნარიანი“, - ამბობს რომან ბადალიანი.

ცნობისთვის: Universe Business Group (UBG) ბაზარზე 2007 წლიდან როგორც სამშენებლო მასალების იმპორტში ასევე ადგილობრივი წარმოების მიმართულებით ოპერირებს. გენერალური დირექტორის ინფორმაციით, კომპანიის მთავარ საქმიანობას იმპორტი წარმოადგენდა, ხოლო დღეისთვის ადგილობრივი წარმოების და იმპორტის წილი 50/50-ზეა.

დღეისთვის, სამშენებლო მასალების ადგილობრივი წარმოების წლიური ბრუნვა 2 მლნ ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები