ვიდეოთამაშების მწარმოებელი ფრანგული კომპანია Ubisoft-ის თანადამფუძნებელი კლოდ გილმო 69 წლის ასაკში, საფრანგეთის საკურორტო ქალაქ ლა-ბოლში მომხდარ ავიაკატასტროფაში დაიღუპა.
როგორც ირკვევა, ბორტზე ორი ადამიანი იმყოფებოდა და კატასტროფის შედეგად ორივე მათგანი გარდაიცვალა. დასახელებულ ფაქტთან დაკავშირებით კომპანიამ განცხადება გაავრცელა, სადაც კლოდ გილმოს გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარება გამოხატა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე დამატებითი კომენტარის გაკეთებისაგან თავს შეიკავებს.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ კლოდ გილმომ ოთხ ძმასთან ერთად Ubisoft-ი 1986 წელს დააფუძნა, რის შემდეგაც კომპანიამ ისეთი ცნობილი ვიდეოთამაშების ფრენჩაიზები შექმნა, როგორებიცაა: Assassin’s Creed, Far Cry, Prince of Persia და Tom Clancy.
ამასთან, გილმო სათამაშო და აუდიოაქსესუარების მწარმოებელი კომპანიის, Guillemot Corp-ის თავმჯდომარის პოზიციასაც იკავებდა. საყურადღებოა, რომ გილმოების ოჯახი Ubisoft-ზე კონტროლს კვლავინდებურად ინარჩუნებს, კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტს კი ისევ კლოდის ძმა, ივ გილმო იკავებს.

























