შვეიცარიული Credit Suisse-ის რესტრუქტურიზაციის პროცესი გრძელდება, მისმა მფლობელმა, UBS-მა საინვესტიციო ბანკის სეკურიტიზებული პროდუქციის (SPG) პორტფელის Apollo Global Management-ზე გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.
გარიგების მოცულობა 8 მილიარდ დოლარს შეადგენს, რომელსაც UBS-ის ხელმძღვანელობა გასხვისებული პორტფელის სანაცვლოდ მიიღებს. Credit Suisse-ის სეკურიტიზებული პროდუქციის პორტფელი მრავალი ტიპის სახელშეკრულებო ვალს აერთიანებს, ისეთი როგორიცაა: კომერციული და უძრავი ქონების იპოთეკა, ავტოსესხები და საკრედიტო ბარათების სავალო ვალდებულებები.
SPG-ს გაყიდვა ფაქტობრივად საკრედიტო პორტფელის მნიშვნელოვანი ნაწილის გასხვისებას გულისხმობს. წინასწარი შეფასებით, გარიგების დასრულების შემდეგ, Credit Suisse-ის სეკურიტიზებული პორტფელის მოცულობა $75 მილიარდიდან $20 მილიარდამდე შემცირდება, ანუ საინვესტიციო ფონდი Apollo Global-ი შვეიცარიული ბანკისგან $55 მილიარდის მოცულობის საკრედიტო პორტფელს გამოისყიდის.
UBS-ის წარმომადგენლობის განმარტებით, ეს გარიგება კომპანიას ორ შესაძლებლობას მისცემს: პირველ რიგში, მნიშვნელოვნად დაიკლებს რისკის დონე, რადგან პორტფელის მოცულობა მკვეთრად შემცირდება და მეორე - კომპანია ნაღდი ფულის სახით შემოსავლის მიღებას შეძლებს, რაც რესტრუქტურიზაციის სტრატეგიას და Credit Suisse-ის ოპერირებას მოხმარდება.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის მოცემულობა, რომ UBS-ს Credit Suisse-ის ბიზნესის გამარტივება და მისი პროფილის შეცვლა სურს, რათა უნივერსალური ბანკი შედარებით მაღალ სეგმენტზე კონცენტრირდეს და სწორედ ამ ბაზარზე განვითარდეს.