მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების დაზღვევიდან სექტორმა ₾30 მილიონის მოგება მიიღო

63c11d10174d6
ელენე გოგბერაშვილი
13.01.23 13:49
563
საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულო 2018 წლის 1 მარტიდან გახდა. სადაზღვევო სექტორის მხრიდან ცენტრის 5-წლიანი მუშაობა საკმაოდ წარმატებულად ფასდება, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, რადგან რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე სატრანსპორტო ხაზების გადალაგებით, საქართველოს სატრანზიტო დერეფანი დაიტვირთა, შესაბამისად, დაზღვევის ცენტრსაც გაცილებით მეტი პოლისის გაცემა უწევს უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე.

როგორც სავალდებულო დაზღვევის ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ჩაჩუა bm.ge-სთან აცხადებს, თუ პანდემიის პერიოდში ცენტრს შემოსავლებში 45%-იანი კლება ჰქონდა, გასულმა წელმა სურათი სრულად შეცვალა და 2019 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდნენ. ჩაჩუას თქმით, განსაკუთრებული დატვირთვა სატვირთო ტრაილერებზე მოდის. ჯამში გასულ წელს ცენტრის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ 42 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც სექტორის მოგება დაახლოებით 30 მლნ ლარია.

„მოზიდულ პრემიაში გავასწარით 2019 წელს, თუმცა დაახლოებით 2,5-ჯერ გაგვეზარდა ზარალიანობა, რამაც გამოიწვია უფრო ნაკლები მოგების დაგენერირება. 2019 წელს ცოტა მეტი იყო მოგება, ვიდრე 2022 წელს, რაც გამოწვეულია მაღალი ზარალიანობით. ძირითადად ქონებრივი ზარალის ანაზღაურება გვიწევს, 85%-ის შემთხვევაში ავტომობილის დაზიანება ხდება, რაც შეჯახებით არის გამოწვეული“,-აცხადებს ჩაჩუა.

მისი თქმით, ცენტრის ოპერირებიდან 4 წლის განმავლობაში ანაზღაურებული ზარალების მოცულობა 15 მილიონი ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები