მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უცხო ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლის უფლება ეზღუდებათ - გამონაკლისები

5fc92e1e384dc
თამთა ჯიჯავაძე
04.12.20 00:15
1735
COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოს საზღვრის კვეთის ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით ინფორმაციას ნიდერლანდებში საქართველოს საელჩო ავრცელებს. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ უცხო ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლის უფლება ეზღუდებათ, გარდა შემდეგი 18 ევროპული ქვეყნის მოქალაქეების და/ან მუდმივი რეზიდენტებისა:

1. ე.წ. ნაცვალგების 5 ქვეყნის მოქალაქეები - გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი - შემოდიან მხოლოდ საჰაერო გზით, იმ შემთხვევაში თუ მოფრინავენ ამ 5 ქვეყნიდან ან მათი გავლით. საზღვარზე უარყოფითი PCR ტესტის წარმოდგენის შემთხვევაში თავისუფლად კვეთენ საზღვარს და მოძრაობენ შეუფერხებლად. თუ არ აქვთ უარყოფითი PCR ტესტის საბუთი, მათ აქვთ შესაძლებლობა ტესტი გაიკეთონ, საკუთარი ხარჯით, თბილისის აეროპორტში, გადმოკვეთონ საზღვარი, მივიდნენ დაჯავშნულ სასტუმროში და დაელოდონ პასუხს. უარყოფითი პასუხის შემდეგ მოძრაობენ თავისუფლად.

იმ შემთხვევაში თუ ისინი არ მოფრინავენ ამ 5 ქვეყნის გავლით და სხვა ქვეყნებიდან შემოდიან ჰაერით, მაშინ:

1) უარყოფითი PCR ტესტის წარდგენისას მიდიან თვითიზოლაციაში;
2) თუ არ აქვთ უარყოფითი PCR ტესტი გადადიან კარანტინში.

ხსენებული 5 ქვეყნიდან მგზავრები გამოფრენამდე ავსებენ სპეციალურ საინფორმაციო ფორმას StopCov.ge პორტალზე.

2. დანარჩენი 13 ევროპული ქვეყნის მოქალაქეები და/ან მუდმივი რეზიდენტობის მქონე პირები (ესპანეთი, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, პორტუგალია, პოლონეთი, საბერძნეთი, რუმინეთი, ხორვატია, შვედეთი, კვიპროსი, იტალია, ისლანდია, სლოვენია) საქართველოში შემოდიან მხოლოდ საჰაერო გზით.
თუ საზღვარზე წარმოადგენენ ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფით პასუხს, მიდიან თვითიზოლაციაში. იმ შემთხვევაში თუ არ აქვთ PCR ტესტის უარყოფითი პასუხის საბუთი და არ აქვთ საკუთარი ხარჯით თბილისის აეროპორტში ტესტის გაკეთების შესაძლებლობა, მოთავსდებიან კარანტინში.
ბიზნესაპლიკანტები რჩებიან იგივე რეჟიმში.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს (+მათი ოჯახის წევრებს), მათ ნებისმიერი საზღვრიდან შემოსვლის შემთხვევაში:

1) თუ წარმოადგენენ ბოლო 72 საათში გაკეთებულ უარყოფით PCR ტესტს გადადიან თვითიზოლაციაში 8 დღით;
2) თუ ვერ წარმოადგენენ ბოლო 72 საათში გაკეთებულ უარყოფით PCR ტესტს გადადიან თვითიზოლაციაში 12 დღით.

საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარზე საბაჟო ეპიდემიოლოგი ავსებს ფორმა N9, რომელშიც იქნება მითითებული თვითიზოლაციის მისამართი და პირადი მონაცემები.

ცნობისთვის, ახალი წესები 2 დეკემბრიდან შევიდა ძალაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები