მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უცხოელი ტურისტების სტატისტიკა ყოველთვიურად აღარ გამოქვეყნდება

63ee1d23ca9af
თელარა გელანტია
16.02.23 16:27
1639
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთელი რიგი სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნების ახალი ფორმა და ვადები შეიმუშავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ რამდენიმე დღის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

აღსანიშნია, რომ სიახლე ეხება საერთაშორისო ვიზიტორების სტატისტიკის გამოქვეყნების პერიოდსაც. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის მონაცემებს ყოველთვიურად აღარ გამოქვეყნებს.

ვახტანგ გომელაურის უწყებაში აღნიშნულს ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გადმოტანით ხსნიან.

ამასთან, უწყებაში ამბობენ, რომ „სტატისტიკის დამუშავების მეთოდოლოგია არ იცვლება“, იცვლება მხოლოდ ვადები და გამოსაქვეყნებელი მონაცემები უფრო დეტალური ხდება.

BMG დაინტერესდა - შსს-ს ახალი წესის გათვალისწინებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაც მხოლოდ კვარტალში ერთხელ გამოაქვეყნებს თუ არა საერთაშორისო ვიზიტორების სტატისტიკას, რაზეც დადებითი პასუხი მივიღეთ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაც აღნიშნულს ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკით ხსნის.

“ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გათვალისწინებით, შემუშავდა სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნების ახალი ფორმა და ვადები. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ინფორმაციას საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლებისა და საერთაშორისო ვიზიტორების მახასიათებლების კვლევას გაავრცელებს კვარტალში ერთხელ“, - მოგვწერეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან.

ცნობისთვის: საერთაშორისო ვიზიტორების შესახებ სტატისტიკას ყოველკვარტალურად საქსტატი აქვეყნებს. რაც შეეხება საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლების სტატისტიკას, მას ეროვნული ბანკი ყოველთვიურად აქვეყნებს, თუმცა BMG ეცდება, დააზუსტოს, ხომ არ იცვლება ამ მხრივაც სტატისტიკის გამოქვეყნების წესი. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები