მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უცხოელი ვარსკვლავების კონცერტების შესახებ ინტენსიური სარეკლამო კამპანიაა საჭირო - მიხეილ გიორგაძე

63865ca6ccde3
თელარა გელანტია
30.11.22 01:00
888
მიმდინარე კვირის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ მომდევნო ორ წელიწადში მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტების გასამართად მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარს გამოყოფს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. „ჩვენ მომდევნო 2 წლის განმავლობაში ქვეყანაში მსოფლიო დონის ვარსკვლავების, შემსრულებლების და არტისტების ჩამოყვანის გეგმა გვაქვს. ივნისში, ივლისში, აგვისტოში და სექტემბრის დასაწყისშიც ქვეყანაში მსოფლიო დონის შემსრულებლების კონცერტები სტადიონებზე და ასევე, „ბლექ სი არენაზე“ გაიმართება“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რა უნდა გააკეთოს მთავრობამ იმისთვის, რომ პროგრამა მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს და გადასახადების გადამხდელების 70 მლნ ლარმა კიდევ უფრო მეტი ტურისტი მოიზიდოს ქვეყანაში? - ეს კითხვა BMG-მ Eastern Promotions-ის დამფუძნებელს, მიხეილ გიორგაძეს დაუსვა.

შეგახსენებთ: საერთაშორისო ტურისტების მოზიდვა იყო სამთავრობო პროგრამა Check in Georgia-ს მიზანიც, რომლის ფარგლებში, არაერთი საერთაშორისო დონის ვარსკვლავის და ასევე, ქართველი არტისტების კონცერტები იმართებოდა. 2016-2019 წლებში ამ პროგრამისთვის ბიუჯეტიდან 100 მლნ ლარი დაიხარჯა. იმ პერიოდში კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე იყო და მაშინაც პროგრამის მიმართ ყველაზე ხშირად დასმული კითხვები საბიუჯეტო სახსრების ეფექტიან ხარჯვას შეეხებოდა.

მიხეილ გიორგაძის აზრით, ქვეყანაში საერთაშორისო დონის ვარსკვლავების კონცერტები მნიშვნელოვანია, როგორც უცხოელი ტურისტების მოსაზიდად, ისე შიდა ტურიზმის გააქტიურებისთვის.

როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით კი, Eastern Promotions-ის დამფუძნებლის რეკომენდაციაა, კონცერტების შესახებ აქტიური სარეკლამო კამპანია გაიმართოს.

“საერთაშორისო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანა გარდა იმისა, რომ ძალიან პოზიტიურ იმიჯს უქმნის ქვეყანას საერთაშორისო არენაზე, დიახ, ერთმნიშვნელოვნად ააქტიურებს ტურისტულ ნაკადებს, მითუმეტეს, რომ ამის გამოცდილება ქვეყანას აქვს. გახსოვთ, 2016 წელს, როდესაც პირველად ჩატარდა „ჩექ ინ ჯორჯია“, რამხელა მოძრაობა იყო ქვეყნის შიგნით.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, პირველ რიგში, ძალიან ინტენსიური და მიზანმიმართული სარეკლამო კამპანიაა საჭირო სწორედ იმისთვის, რომ ადამიანებმა მოასწრონ თავისი მოგზაურობის დაგეგმვა ანუ ამ კონცერტების და ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია ფართოდ უნდა იყოს მიწოდებული.

ამასთან, უცხოელი ტურისტი როდესაც იგებს, რომ საერთაშორისო დონის ვარსკვლავების კონცერტები იმართება ქვეყანაში, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს - ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში უსაფრთხოება არის უზრუნველყოფილი; ეს ნიშნავს იმას, რომ სასტუმრო ინფრასტრუქტურა და სერვისი არის განვითარებული, რადგან საერთაშორისო ვარსკვლავები ჩადიან და ა.შ.“, - ამბობს მიხეილ გიორგაძე.

BMG-ის კიდევ ერთ კითხვაზე - როგორ უნდა შეირჩნენ უცხოელი არტისტები, რათა საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის ეფექტიანობასა და გამჭვირვალობასთან დაკავშირებით კითხვები არ გაჩნდეს, მიხეილ გიორგაძე პირდაპირ ამბობს, რომ „ამ სფეროში კლასიკური ტენდერის გამოცხადება უაზრობაა“.

„არაერთხელ მითქვამს, რომ ამ სფეროში კლასიკური ტენდერის გამოცხადება უაზრობაა, რადგან ასეთ შემთხვევაში, პირიქით, არტისტი ძვირდება, რადგან ფაქტობრივად, ვიღებთ აუქციონს - ერთი და იგივე ქვეყნიდან არტისტი კონცერტის ჩატარებაზე რამდენიმე შეთავაზებას იღებს, ამიტომ კლასიკური ტენდერის გზით ვერ წავალთ. დარწმუნებული ვარ, სხვადასხვა კრიტერიუმის დახმარებით, მთავრობა, რომელიც ასე ვთქვათ, უკვეთავს მუსიკას, თავად შეარჩევს ჯგუფს ან ჯგუფებს, რომელთა კონცერტებიც გაიმართება“, - აღნიშნა Eastern Promotions-ის დამფუძნებელმა და იქვე დასძინა, რომ მისი ვარაუდით, საერთაშორისო დონის ვარსკვლავების პროდიუსერებთან მოლაპარაკებებს, ალბათ სახელმწიფო შპს „ბლექ სი არენა“ გამართავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები