უძრავი ქონების ბაზარზე ტრანზაქციები შეწყვეტილია. დეველოპერული სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ წლის ყველაზე აქტიურ თვეს, რომელზედაც მთლიანი გაყიდვების უდიდესი წილი მოდის, სრული სტაგნაციაა.
ნოემბრის ბოლოდან დღემდე გაყიდვები მინიმუმამდე შემცირდა „არსის“ პროექტებშიც. კომპანიის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ გაზაფხულის მოვლენების შემდეგ სექტორს ამ წელს მეორე პრობლემური ეტაპის გადალახვა უწევს. ინტერესის გაქრობის საფუძველი ერთი მხრივ ლარის კურსი, მეორე მხრივ კი არასტაბილური გარემოა.
„დეკემბერი დეველოპმენტში ზოგადად ძალიან აქტიურია, ისევე როგორც სხვა სექტორები. წინასაახალწლო პერიოდია, აქციებია და ყველა ცდილობს მნიშვნელოვანი შენაძენი გააკეთოს, თუმცა წელს ამ პერიოდისთვის განსხვავებული სურათი გვაქვს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ნოემბერი მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო პერიოდი გვქონდა საკმაოდ აქტიური იყო გაყიდვები ჩვენთანაც და ზოგადად სექტორშიც. დეკემბრის ამ პირველ კვირაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აბსოლუტურად გაჩერებულია ყველაფერი როგორც დაინტერესების, მომსვლელების, ზარების მხრივ, ასევე ტრანზაქციების თვალსაზრისით, რომელიც საერთოდ არ ხორციელდება.
ორი მნიშვნელოვანი გარემოებაა აქ, ერთი კურსი და როცა არასტაბილურობაა ყველა ჩერდება და მერე ზოგადად რაც ხდება ქვეყანაში. ჩვენ გვქონდა ანალოგიური ვითარება გაზაფხულზე როცა ძალიან დიდი შემცირება გვქონდა, მაგრამ ახლა შემცირებაზე არაა საუბარი, ახლა ტრანზაქციები საერთოდ არ ხორციელდება, რაც ლოგიკურიცაა. სამსახურშიც კი არ არის განწყობა რომ კლიენტს ესაუბრო.
პროცესების დეესკალაცია თუ არ მოხდა, ის რაც გვქონდა დეკემბრის დასაწყისიდან ანალოგიურად გაგრძელდება, არ იქნება დაინტერესება და ჩვენ ყველამ ვიცით რას ნიშნავს ხოლმე უძრავ ქონებაში 1 თვიანი ჩავარდნა. ეს შემდეგ მძიმედ აისახება ხოლმე მომიჯნავე სექტორებზე და დიდი შემცირება გვაქვს ხოლმე ეკონომიკურ აქტივობაში,“ - განაცხადა ორთოიძემ.