მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უძრავ ქონებაზე ფასების კლების მოლოდინი ლოგიკას მოკლებულია - ასოციაცია

ბინები

საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი ნატო ბოჭორიშვილი მიიჩნევს, რომ უძრავი ქონების ფასების კლების მოლოდინი ლოგიკას მოკლებულია. როგორც მან BMGTV-ის გადაცემა "საქმიან დილაში" განაცხადა, ფასებთან მიმართებით, მოთხოვნა-მიწოდების გარდა, უმნიშვნელოვანესია თვითღირებულება, ეს უკანასკნელი კი გაზრდილია.

მისივე თქმით, მოთხოვნის ზრდას ელის, მათ შორის საქართველოში Emaar ჯგუფის გეგმებიდან გამომდინარე.

"ყველამ ვიცით, რომ ფასებზე მარტო მოთხოვნა-მიწოდება არ მოქმედებს, მოქმედებს თვითღირებულების კომპონენტიც, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია. დღესდღეობით, ბაზარზე თვითღირებულების განმსაზღვრელი აბსოლუტურად ყველა კომპონენტი მომატებულია, ამიტომ მოლოდინი, რომ უძრავი ქონების ფასებმა შეიძლება დაიკლოს, მგონია, რომ ლოგიკას მოკლებულია.

ვთვლი, რომ პროექტები, რომლებიც დამტკიცებულია, თავის გზას იპოვიან იქიდან გამომდინარე, რომ მოთხოვნა ქვეყანაში არსებობს, სავარაუდოდ, ცოტა გაიზრდება კიდევაც. მგონია, რომ Emaar ჯგუფის შემოსვლა ამაზე გავლენას მოახდენს იმ თვალსაზრისით, რომ მათი ინვესტირება ქვეყნის სანდოობას გაზრდის და მათი უამრავი მომხმარებლის ფოკუსი გადანაწილდება საქართველოზეც. პირობითად, ვინც მათ ბინას ვერ შეიძენს ფასის გამო, შეიძენს უფრო ნაკლები ბიუჯეტით ადგილობრივი დეველოპერის ბინას", - განმარტა ნატო ბოჭორიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, მარტიდან ბაზარზე ტრანზაქციების გააქტიურება შეინიშნება. ამასთან, ნატო ბოჭორიშვილი აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის მიერ იპოთეკური დაკრედიტების რეგულაციის გამარტივებას პოზიტიური გავლენა ექნება.

"კონკრეტული დეველოპერებისგან რა ინფორმაციაც მივიღე, მარტის თვეში გამოცოცხლება ნამდვილად შეინიშნება. მინდა ხაზი გავუსვა, რომ შემცირება უფრო მეორეული ბაზრის ხარჯზე მოხდა და მიზეზი ისაა, რომ მეორეულ ბაზარს უფრო ნაღდი ფული ერთიანად და დიდი მოცულობით ესაჭიროება, მაშინ როცა დეველოპერები გადახდის კუთხით უფრო მორგებული გრაფიკით არიან ხოლმე. ვფიქრობ, ის რეგულაციები, რომლებიც ეროვნული ბანკის მხრიდან ცოტა შემსუბუქდა, თავის სათქმელს იტყვის უკვე მომდევნო თვეებში და მეტი ადამიანი შეძლებს სესხით სარგებლობას",- განაცხადა უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტმა.

2024 წელს უძრავი ქონების სექტორში 155.3 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო, რაც წლიურად 11.6%-იანი ზრდაა.

ნატო ბოჭორიშვილი მატებას გლობალურად საქართველოს გაზრდილი ცნობადობით ხსნის და ამ მიმართულებით პოზიტიური მოლოდინები აქვს.

"გასული წლის ზრდას იმას ვუკავშირებ, რომ საქართველო უფრო ცნობადი გახდა მსოფლიო რუკაზე უძრავი ქონების მიმართულებით. ბევრი საინტერესო პროექტია და ისინი გადის საზღვარგარეთ საჩვენებლად, გასულ წელს ბევრმა დეველოპერმა მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა გამოფენაში. ვფიქრობ, მიმდინარე წელს გაგრძელდება აქტიურობები. ასოციაციაში საკმაოდ ბევრი მოწვევა მივიღეთ უკვე წლის დასაწყისიდანვე წელს დაგეგმილი ღონისძიებების და გამოფენების შესახებ.

რაც შეეხება სამომავლოდ როგორ აისახება ეს [ქვეყანაში არსებული] სიტუაცია, ვთვლი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბანკები უფრო კრიტიკულად უყურებენ ფინანსურ მოდელებს უძრავი ქონების წარმომადგენლების მიმართ, დეველოპერებს ალბათ, გარკვეულწილად საშუალება აქვთ, რომ თანხები მოიზიდონ უცხოეთიდან და თუნდაც ამან გაზარდოს ინვესტიციები. ამის გარდა, მყიდველების თვალსაზრისით ამ ტურბულენტურმა სიტუაციამ ცოტა აკუმულირებაც კი გამოიწვია მოთხოვნის და მაქვს მოლოდინი, რომ წელს უფრო მეტად გააქტიურდება როგორც ადგილობრივების მხრიდან შეძენა, ასევე უცხოეთიდან შემოსული პირდაპირი ინვესტიციები. 2025 წლის ჭრილში პოზიტიური ხედვა მაქვს. პრობლემები შედარებითია და ზოგადად, მსოფლიოში იმდენად შეიცვალა, ვიტყოდი დამძიმდა კიდევაც სიტუაცია, ჩვენს ქვეყანაში არსებული პრობლემები უკვე აღარაა ისეთი შემაშფოთებელი ინვესტორებისთვის, როგორც შეიძლება რამდენიმე თვის წინ ყოფილიყო და ცოტა კრიტიკულობაც დაკარგა",- ამბობს ნატო ბოჭორიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები