მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უძრავ ქონებაზე ფასების შემცირების არანაირი რესურსი არაა, თვითღირებულება მზარდია - არსი

ბესო ორთოიძე

დეველოპერული კომპანიების ნაწილში აცხადებენ, რომ მიუხედავად მოთხოვნის შემცირებისა, ამ ეტაპზე უძრავი ქონების ბაზარზე ფასების შემცირების რესურსი არ არსებობს.

როგორც BMG-ის კომპანია „არსის“ გენერალურმა დირექტორმა განუცხადა, მიმდინარე წელს დაგეგმილი ორი ახალი რეგულაცია პირიქით, მშენებლობის თვითღირებულებას გაზრდის.

ბესო ორთოიძის განცხადებით, ამ რეგულაციებს შორისაა როგორც სამშენებლო დარგში დასაქმებულებისთვის შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმის მოხსნა, ასევე იმპორტირებულ არმატურაზე გადასახადის დაწესება. მისი მოლოდინით, მოთხოვნიდან გამომდინარე, მიმდინარე წელს უძრავი ქონების ფასები ან უცვლელი დარჩება, ანდაც დამატებით დაახლოებით 5%-ით გაიზრდება.

„ამ ეტაპზე ფასების შემცირების არანაირი რესურსი არაა. მით უმეტეს, უკვე ვიცით, რომ წლის დასაწყისში ამოქმედდა ორი რეგულაცია, რომელიც თვითღირებულებას გაზრდის, რაც შემდეგ გასაყიდ ფასში აისახება. იმპორტირებულ არმატურაზე 420 ლარის მოცულობით გადასახადი დაწესდა, რამაც როგორც იმპორტირებული, ასევე ადგილობრივი არმატურა 150-200 დოლარით უკვე გააძვირა.

გასულ წელს უძრავ ქონებაზე ფასები დაახლოებით 5-7%-ით გაიზარდა, წელსაც ასეთი ზრდაა მოსალოდნელი. თუმცა მნიშვნელოვანია მოთხოვნის ნაწილიც, შემცირებულმა მოთხოვნამ შესაძლოა, მაინც ის ფასი დატოვოს, რაც აქამდე გვქონდა. თუმცა მშენებლობის თვითღირებულება ცალსახად გაიზრდება“, - განაცხადა ბესო ორთოიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები