მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უძრავ ქონებაზე ფასის შემცირების ტენდენცია არ არსებობს... მოთხოვნა იზრდება" - "არქი"

შიო ხეცურიანი

„არქის“ გენერალური დირექტორის შიო ხეცურიანის თქმით, 2024 წლის 8 თვეში კომპანიამ უფრო მეტი ბინა გაყიდა, ვიდრე 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში. როგორც მან გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა, ამ დრომდე მათ პროექტებში მოთხოვნა მიწოდებას აღემატება.

რაც შეეხება ფასებს, წლიურ ჭრილში ფასი 5-7%-იან ზრდას აჩვენებს. კომპანიაში გაიაფების მოლოდინები არ აქვთ.

„წლევანდელი წლის პირველი 8 თვე, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჯამურად მზარდი იყო. არსებობდა გარკვეული აღმასვლა და დაღმასვლა ცნობილი მოვლენების გამო, დაახლოებით 1,5 თვე იყო დაღმასვლა, თუმცა ივლისში და აგვისტოში წინსვლა შეინიშნება და ბაზარი ზემოთ ვითარდება, ეს ეტყობა გაყიდვების მაჩვენებლებს.

მიმდინარე წელს შეიძლება ითქვას, რომ რადიკალური ცვლილებები ფასში არ ყოფილა, 5-7%-ის ჭრილში გაიზარდა როგორც ბაზარზე, ისე ჩვენთან. წლის ბოლომდე არ გვაქვს მოლოდინი, რომ დიდი სხვაობა იქნება.

შემცირებას ნამდვილად არ ველოდებით, რადგან ამის ტენდენცია არ არსებობს, მოთხოვნა მზარდია. იყო გარკვეული საფრთხეები მიწოდების ნაწილში, რადგან ნებართვების რაოდენობა იყო გაზრდილი, მაგრამ ფაქტია, რომ მიწოდება მოთხოვნას არ აჭარბებს, ჩვენთან პირიქით არის, მოთხოვნა უფრო იზრდება, ვიდრე მიწოდება.

რაც შეეხება კონკურენციას, დღეს გარემო ბევრად უფრო კონკურენტულია, ვიდრე ეს იყო 2-3 წლის წინ, რაც მხოლოდ და მხოლოდ ასარგებლებს მომხმარებელს.“ - აცხადებს BMG-სთან შიო ხეცურიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები