ჰოლდინგური კომპანია "იბერკომპანის" გენერალური დირექტორის ლევან დიასამიძის თქმით, უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნის წამყვანი მიზეზი ეკონომიკური ზრდა და ოჯახების დაყოფაა. როგორც დიასამიძემ გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა, მიგრაციის ეფექტის გამო გაქირავების მიზნით ბინების ყიდვის ფაქტორი 2024 წელს თითქმის სრულად ამოწურულია, თუმცა გაყიდვების ზრდა ჯერ არ შენელებულა.
"უკანასკნელი 2 წელი უძრავი ქონების ბაზარზე გამორჩეული იყო, ფასები იზრდებოდა და ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებდა. ერთ-ერთი მიგრაცია იყო და ამ მიგრაციიდან გამომდინარე გაზრდილი მოთხოვნა საიჯარო უძრავ ქონებაზე. საბანკო დეპოზიტებს საინვესტიციო თვალსაზრისით კონკურენტი ბინებში ინვესტირების სახით გაუჩნდა, რადგან შემოსავალი ამ შემთხვევაში ბევრად მაღალი იყო.
დღეს ეს ტენდენცია გარკვეულწილად შემცირებულია, რაც ლოგიკურია, იმიტომ რომ მიგრაცია შენელდა და შეიძლება ითქვას, პირვანდელ პერიოდს დაუბრუნდა, მაგრამ ამის მიუხედავად ზრდა, მაინც არის. ამის განმაპირობებელი ფაქტორები კი ეკონომიკური ზრდა და ასევე ოჯახების დაყოფაა. შესაბამისად, ეს გვაფიქრებინებს, რომ წლის ბოლომდე ბაზარზე ზრდა შენარჩუნდება.“ - განაცხადა დიასამიძემ.
ცნობისთვის, საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.5% შეადგინა, ხოლო იანვარ-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7.7%-ია.