ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანია TNET მომხმარებელს ახალ სერვისს სთავაზობს: კომპანია ერთ სივრცეში აერთიანებს საქართველოში ყველაზე მოთხოვნად სახელმწიფო სერვისებს, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებების განბაჟება/გაფორმების მომსახურებას, თბილისიდან გაუსვლელად - TNET-ის ახალ სერვისზე BMGTV-ის გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე, გიორგი გოგშელიძე საუბრობს.
“სიტყვა “მარტივი” ზუსტად ასახავს იმ სერვისს, რაც ჩვენ შევქმენით. ვეცადეთ, რომ ყველაზე მოთხოვნადი სახელმწიფო სერვისები ერთ სივრცეში მოგვექცია და, შესაბამისად, ჩვენს სარეგისტრაციო ოფისებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და საჯარო რეესტრის სერვისები ერთ სივრცეშია მოქცეული და ამ მომსახურების მისაღებად აუცილებელია, რომ გადმოვწეროთ აპლიკაცია SuperApp, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც Android, ისე IOS მოწყობილობებზე. გადმოწერის შემდეგ 20 წამში შეძლებთ დაჯავშნოთ სასურველ დროს სერვისი და მის მისაღებად ჩვენს სარეგისტრაციო ოფისში მოხვიდეთ”, - ამბობს გოგშელიძე.
TNET-ის სარეგისტრაციო ოფისი საბურთალოზე, ფანჯიკიძის N1 ბ-ში მდებარეობს და, როგორც კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე აღნიშნავს, ყველანაირი ტიპის უძრავი და მოძრავი ქონების ერთ სივრცეში რეგისტრირების საშუალებას იძლევა.
“მაგალითად, შეგიძლიათ იყიდოთ ავტომობილი, გაყიდოთ, განაბაჟოთ, დაახლოებით 20 წუთში მიიღებთ ამ სერვისს, დაბეჭდავთ სასურველ პასპორტს და დაუბრუნდებით თქვენს ყოველდღიურ საქმიანობას. ერთ-ერთი მთავარი ინოვაციაც სწორედ ეს არის, თბილისიდან გაუსვლელად, ერთ სივრცეში ხდება ეს ყველაფერი, რაც ჩვენი მომხმარებლისთვის ძალიან კომფორტულია”, - აღნიშნავს ღოღობერიძე.
TNET-ის ციფრული ეკოსისტემა უძრავი და მოძრავი ქონების უმსხვილეს ციფრულ პლატფორმებს - MYHOME-სა და MYAUTO-ს აერთიანებს. როგორც ღოღობერიძე აღნიშნავს, სახელმწიფო სერვისების ერთ პლატფორმაზე გაერთიანების მიზანი ქონების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული მომსახურების ერთ ჯაჭვად შეკვრაა.
“ბუნებრივია, როდესაც მართავ ავტომობილებისა და უძრავი ქონების პლატფორმებს, მისი განუყოფელი ნაწილი ტრანზაქციების დასრულების შემდეგ, ამ ქონების რეგისტრაციაა. მიზანიც ზუსტად ეს იყო, რომ სერვისების სრული ჯაჭვი შეგვეკრა და უფრო კომფორტული გამხდარიყო ჩვენი პლატფორმით სარგებლობა”, - ამბობს გიორგი ღოღობერიძე.
TNET-ის წარმომადგენელი ასევე აღნიშნავს, რომ თბილისის შემდეგ, სარეგისტრაციო ოფისები, შესაძლოა, საქართველოს სხვა ქალაქებშიც დაემატოს.