RE/MAX Capital-ის დამფუძნებელი დირექტორის მარიამ ასათიანის შეფასებით, პირველად 10 წლის განმავლობაში, რაც RE/MAX Capital-ი საქართველოს ბაზარზეა, „უძრავი ქონების ბაზარზე დომინანტი გამყიდველი გახდა“.
„ბაზარს საკუთარ წესებს გამყიდველი კარნახობს“ - თქვა მარიამ ასათიანმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“, სადაც საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის ტენდენციები შეაფასა.
საქსტატის მონაცემებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, თბილისში მესამე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 5.5%-ით გაიზარდა, წლიურად კი - 15.6%-ით, ხოლო 2020 წლის საშუალოსთან შედარებით, უძრავი ქონების ფასის ინდექსი 35.9%-ით არის გაზრდილი.
„თქვენი ბაზარი მყიდველის არის თუ გამყიდველის? - ეს არის კითხვა, რომელსაც უძრავი ქონების ბაზრის ზოგადი შეფასებისას სვამენ ხოლმე, როდესაც სურთ, ერთი კითხვით გაერკვნენ, რა ხდება ამ ბაზარზე. რაც RE/MAX Capital-ი საქართველოს ბაზარზე უკვე ათი წელია რაც არის და ამ დროის განმავლობაში პირველად დავაფიქსირეთ, რომ ბაზარი, რომელიც ყოველთვის მყიდველის იყო, გახდა - გამყიდველის, რაც საინტერესო ცვლილებაა. რას ნიშნავს ეს - დომინანტი ამ ბაზარზე გახდა გამყიდველი და არა მყიდველი. შესაბამისად, ასეთი სურათი გვაქვს - გამყიდველი ადგენს უძრავი ქონების ფასს, გამყიდველი კარნახობს ბაზარს პირობებს და ა.შ.
ამ ორი წლის განმავლობაში იმდენად სწრაფად ხდებოდა უძრავ ქონებაზე ფასების ზრდა, რომ ხშირად გვქონია შემთხვევა, როდესაც გამყიდველი შეთანხმებულ ფასს არღვევდა და წევდა მაღლა, რადგან ფასების ზრდა ტრანზაქციის პროცესში ხდებოდა და მყიდველიც იძულებული იყო, მიეღო გაზრდილი ფასი; სხვა შემთხვევაში, ალტერნატიულ ქონებას ვერ პოულობდა. პროცესი, როდესაც გამყიდველი დომინანტია და ბაზარს თავის წესებს კარნახობს, ვფიქრობ, დღემდე გრძელდება“, - განაცხადა მარიამ ასათიანმა.
RE/MAX Capital-ის დამფუძნებელი დირექტორის აზრით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, როგორც მოთხოვნის, ისე ფასების მიმართულებით, უძრავი ქონების ბაზრის ზრდის ერთადერთი ფაქტორი მიგრანტები არ იყო, თუმცა მათ „ლომის წილი“ ჰქონდათ.