„დღეს არსებული გაყიდვების მაჩვენებლით არანაირი ნიშნები არ ჩანს იმისა, რომ სექტორში პრობლემაა,“ - ეს განცხადება „არსის“ გენერალური დირექტორის ბესო ორთოიძემ გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას გააკეთა.
ორთოიძე ამბობს, რომ საფინანსო სექტორისგან განსხვავებით მომხმარებლები ამ ეტაპზე თავშეკავებით აღარ გამოირჩევიან, რაც შეეხება საშუალო და გრძელვადიან პერიოდში მოლოდინებზე, ის ამბობს, რომ ამაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.
ფასებთან მიმართებით „არსიში“ აცხადებენ, რომ გაიაფების მოლოდინები რეალობას არ შეეფერება.
„20 წელია ამ სფეროში ვარ და დიდი გამოცდილება მაქვს, ვინც მიცნობს იცის, რომ პირდაპირ ვაფიქსირებ ხოლმე პოზიციას. დღეს რაც გაყიდვებში გვაქვს, იმის მიხედვით არანაირი ნიშნები არ ჩანს რომ პრობლემაა.
გარეთ რაც ხდება თითქოს მომხმარებლებში ეს არ არის ასახული. ეს მოლოდინი უფრო არის კომპანიებში და იგივე ფინანსურ ინსტიტუტებში რაც სტაბილურობის ნაწილია.
დღეს არ არის კარგი გარემო და უკეთესს ვისურვებდით სტაბილურობის მხრივ და ეს უნდა შეცვალოს. კომპანიებმა უნდა ვირწმუნოთ, რომ ახალი პროექტების დაწყება ღირს. რისკებთან დაკავშირებით ფინანსურ ინსტიტუტებში ეს არსებობს და მოკლევადიანად უნდა დარეგულირდეს ეს შეფერხება, დაფინანსების შეწყვეტა არ უნდა გაგრძელდეს. სტაბილურობაზე და მოლოდინებზე ხელისუფლებაა პასუხისმგებელი და რაღაცნაირად ეს კითხვის ნიშნები უნდა დალაგდეს. მოკლე ვადიან პერიოდში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. ფასების შემცირება ნიშნავს ზუსტად პრობლემის დაწყებას, დღეს არანაირი შემცირების პერსპექტივა არ დგას, რადგან თუნდაც მიმდინარე წელს რა რეგულაციებიც განხორციელდა, ისევ თვითღირებულების ზრდასთან იყო კავშირში, 20%-ზე მეტად არის გაძვირებული სამშენებლო ხარჯი და შესაბამისად ეს ფასი არის ახალი ფასი და ახალი რეალობა, რომელსაც უნდა შევეგუოთ,“ - განაცხადა ორთოიძემ.