მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„უძრავი ქონების მარკეტინგზე ბიზნესთან ერთად, სახელმწიფომაც უნდა იზრუნოს“ - ვინ ინტერესდება საქართველოში ბინის შეძენით?

აპარტ ჯგუფი

"სამშენებლო & დეველოპერული სექტორები - ტენდენციები, გამოწვევები 2024-2025" - ამ სახელწოდებით სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში" BMG-ის გადაცემა "უძრავი ქონების პროსპექტმა" საკონსულტაციო კომპანია "პროსპექტთან" პარტნიორობით კონფერენცია გამართა.

ღონისძიების პირველი ნაწილი მთავარი პარტნიორის, “თიბისი კაპიტალის” პრეზენტაციას დაეთმო. კომპანიამ სტუმრებს უძრავი ქონების ბაზრის კვლევა წარუდგინა და იმ პოტენციალზე ისაუბრა, რაც სექტორს გააჩნია.

ღონისძიების ფარგლებში პანელური დისკუსია გაიმართა, რომელშიც თემო ბიწაძე - "ალიანს ჯგუფის" კომერციული დირექტორი, ვახტანგ ჩქარეული -„აპარტ ჯგუფი“ - ceo, ვასილ ფხაკაძე - „ბიოგრაფი ლივინგი“ აღმასრულებელი დირექტორი და კვკლევის წარმდგენი ირინა კვახაძე - "თიბისი კაპიტალის" კვლევების უფროსი იღებდა მონაწილეობას.

ბიზნესი ფიქრობს, რომ საქართველოს უძრავ ქონებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვრებს გარეთ დიდი პოტენციალი აქვს. საუბარია როგორც მეზობელ, ისე ევროპულ და არაბულ ქვეყნებში, თუმცა ამას ერთობლივი მარკეტინგი და ქვეყნის სწორი პოზიციონირება სჭირდება.

ბათუმში მომხმარებლების უმრავლესობა არიან უცხოელები. ემიგრანტების წილი მატულობს, თუმცა ამის მიღმაც, როდესაც რომელიმე ქვეყანაზე ვკონცენტრირდებით და მარკეტინგის რესურსი ამ ქვეყნებზე მიდის, ეს ჩვენს მაჩვენებლებსაც ეტყობა ხოლმე, თუმცა ეს უნდა იყოს ქვეყნის ტენდენციებთან ბმაში. მაგალითად 2010-20211წწ-ში ქვეყნის მხრიდან არჩეული იყო უკრაინა და ჩვენც მივიღეთ მონაწილეობა პიარ კამპანიაში, შედეგად მოვახერხეთ ის, რომ ყველა საუბრობდა საქართველოზე, ან ჩამოსული იყო ან გეგმავდა საქართველოში ჩამოსვლას.

დღეს სახელმწიფოს მიმართულებაა არაბეთის ქვეყნები, განსაკუთრებით ბათუმის. არაბეთის ქვეყნებში აქტიურად მიდის მარკეტინგი და ამ ბაზრებიდან ინვესტიციის მოზიდვას ხელს უწყობს პირდაპირი ფრენებიც. ასევე პოლონეთი და ლიტვა, პირადად გახლდით ორივე ქვეყანაში და ძალიან ემოციური იყო, როდესაც უზარმაზარ ბანერზე საქართველოს რეკლამა ვიხილე. შესაბამისად ხდება ჩვენი გააქტიურება ამ ქვეყნებზე და ამიტომაც გაზრდილია ინვესტიციები პირდაპირი ფრენების პროპორციულად.

ასევე მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ ევროპა. ხაზი უნდა გაესვას, რომ დასავლეთ ევროპა ნაკლებად არის დაინტერესებული ჩვენთან ინვესტიციით, ამას თავის ახსნა აქვს. ევროპის ინვესტორების უმრავლესობა ეძებს სტაბილურ ბიზნეს გარემოს და სამწუხაროდ მათთვის საქართველო არ არის საკმარისად სტაბილური გარემოს მქონე. ევროპაში მასიურად რომ მოხდეს ჩვენი ეფდიაის ზრდა, საჭიროა ქვეყნის პოპულარიზაცია არა მხოლოდ ტურისტული, არამედ საინვესტიციო მიმართულებითაც. სხვათაშორის სპორტიც გვეხმარება ბოლო დროს და სპორტში დაფინანსების ზრდაც არ იქნებოდა ცუდი,“ - აღნიშნა „ალიანს ჯგუფის“ კომერციულმა დირექტორმა თემო ბიწაძემ.

„აპარტ ჯგუფის“ ხელმძღვანელის ვახტანგ ჩქარეულის თქმით კი, საქართველოს უძრავი ქონებით ევროპელი ინვესტორების დაინტერესებაზე ბიზნესთან ერთად სახელმწიფომაც უნდა იმუშაოს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი უპირატესობები ყველა ჩვენ პოტენციურ გეოგრაფიულ არეალამდე მივიტანოთ სწორი მესიჯებით. ამას მარტო ბიზნესი საკუთარი ძალებით თავს ვერ გაართმევს, სახელმწიფოს ჩართულობა მნიშვნელოვანია.

ჩვენთან ბევრი რამე არის პოზიტიური, მაგალითად პროცესების სიმარტივე. მარტივია შეიძინო ბინა და დაირეგისტრირო, ქვეყნების უმეტესობაში ეს დიდ დროსთან და სირთულესთან არის დაკავშირებული. თუ ამ ყველა უპირატესობას ერთად შევკრებთ და ქვეყნის მარკეტინგი იქნება უფრო აგრესიული, ვფიქრობ, უფრო მეტ ადამიანს დავაინტერესებთ იგივე დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან,“ - განაცხადა „აპარტ ჯგუფის“ ceo-მ ვახტანგ ჩქარეულმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები