მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდებს შეიძლება საქართველოში კარგი პერსპექტივა ჰქონდეთ - G&T-ის დირექტორი

647ddf7f1796a
ელენე გოგბერაშვილი
06.06.23 21:45
1336
„უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდებს შეიძლება კარგი პერსპექტივა ჰქონდეს საქართველოში“,- განაცხადა G&T-ის დირექტორმა ირაკლი კირტავამ.

უძრავი ქონების საინვესტიციო ტრასტებს/ფონდებს საინვესტიციო ფონდის მსგავსი სტრუქტურა აქვს და ინვესტირებას ძირითადად, უძრავ ქონებაში ახორციელებს, რითაც ინვესტორთა ფართო წრისთვის უძრავი ქონების ხელმისაწვდომობასა და პორტფელის დივერსიფიცირების შესაძლებლობას უზრუნველყოფს. REIT-ების ინვესტორები შეიძლება იყვნენ როგორც ინსტიტუციონალური, ისე ინდივიდუალური ინვესტორები ანუ ფიზიკური პირები.

„REIT-ში დაბანდების შესაძლებლობა აძლევს ნებისმიერ ინვესტორს საშუალებას, რომ პატარა მოცულობით მოხდეს ინვესტირება. თუ თქვენ მაგალითად, უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში გიწევთ თანხის აკუმულირება და ვთქვათ 50 000 დოლარზე ქვემოთ ძნელია პირდაპირ ინვესტირება, იქ შესაძლებლობა გექნებათ გააკეთოთ 1000, 5000 , 100 დოლარის ფარგლებშიც კი ინვესტირება. აქ სხვა ტიპის საკანონმდებლო ბაზაა მოსამზადებელი. REIT-ი და უძრავი ქონების ინსტრუმენტები ვერ ვითარდება იმ ბაზრებზე, სადაც არ არის შესაბამისი ხელშემწყობი საკანონმდებლო ბაზა, მათ შორის დაბეგვრის კუთხით, ანუ საგადასახადო კოდექსის მოქნილობას მსგავსი ინსტრუმენტების მიმართ აქვს მნიშვნელობა, რომ მიმზიდველი იყოს ინვესტირება და ლიკვიდური იყოს ბაზარი“,-აცხადებს ირაკლი კირტავა.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ნიკოლოს გაგუას განმარტებით, ბაზარზე უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდების გაჩენის იდეა არსებობს, თუმცა ტრასტების სტრუქტურა ბაზრის მონაწილეებთან მოლაპარაკებების შედეგად ჩამოყალიბდება.

„ჩვენ გვექნება უახლოეს პერიოდში შეხვედრები ბაზრის მონაწილეებთან, უძრავი ქონების ფონდების დიზაინზე გვექნება გარკვეული მოლაპარაკებები, თუ როგორი სახით გვინდა იყოს. აქ არ არის მარტო საგადასახადო შეღავათები, ეს არის უფრო ფართო ჩარჩო. უძრავი ქონება ბევრი ქართველისთვის არის დანაზოგის მიმართვის ერთ-ერთი მიმართულება. უფრო მეტი მოქნილობა შეიძლება შესთავაზოს დანაზოგის მფლობელებს აღნიშნულმა ინსტრუმენტმა, რადგან ის არის უძრავი ქონების კოლექტიური მფლობელი“,-აცხადებს სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ გაგუა.

უფრო ვრცლად REIT-ების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგლებში მომზადებულ დოკუმენტში -უძრავი ქონების საინვესტიციო ტრასტების საგადასახადო დაბეგვრის მოდელების შემუშავება, სადაც მიმოხილულია უძრავი ქონების საინვესტიციო ტრასტების გლობალური ბაზარი, საინვესტიციო ტრასტების რეგულირება ქვეყნების მიხედვით და ასევე, მოცემულია რეკომენდაციები საქართველოს მთავრობისთვის.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები