მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უძრავი ქონების სექტორი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჩვენს ეკონომიკაში - ირაკლი კობახიძე

კობახიძე

"გვაქვს სათანადო საინვესტიციო გარემო, ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, დაბალი გადასახადები და კორუფციის სიმცირე, რაც, ბუნებრივია, ქმნის სტიმულს საქართველოში ეკონომიკური აქტივობისთვის", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ საქართველოში მსგავსი ფორუმის გამართვა კიდევ ერთი დასტურია, რომ ქვეყანა მყარად იმკვიდრებს ადგილს რეგიონულ საინვესტიციო რუკაზე.

„2021-2025 წლებში, ჩვენი ქვეყნის საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 9.3%-ს მიაღწია. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს არის ნომერ პირველი მაჩვენებელი ჩვენს კონტინენტზე. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ექნება ასევე პირველი ადგილი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით საშუალოვადიან პერსპექტივაში რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის. ჩვენი ვალია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ჩამოყალიბებული ტენდენციის შენარჩუნებას და ამისთვის საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ ეკონომიკურ ზრდაში უძრავი ქონების სექტორის როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გასულ წელს ამ სექტორში რეალურმა ზრდამ 10 პროცენტს გადააჭარბა.

„კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით საქართველო არის ერთ-ერთი გამორჩეული მოწინავე ქვეყანა. ჩვენ პირველ ადგილზე ვართ რეგიონში და ვუსწრებთ ევროკავშირის 10-მდე ქვეყანას. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ხელს უწყობს სათანადო გარემოს შენარჩუნებას ჩვენს ქვეყანაში. გამოვყოფდი მსოფლიო ბანკის რეიტინგს - ბიზნესისთვის მზაობა, ე.წ. B-READY, სადაც საქართველო ერთ-ერთი ლიდერია და მსოფლიოს 101 ქვეყანას შორის მეოთხე ადგილს იკავებს. უძრავი ქონების სექტორი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სექტორი ჩვენს ეკონომიკაში, რომელიც ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ხელს უწყობს ინფრასტრუქტურის განვითარებას.

ასევე, მნიშვნელოვან როლს ასრულებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში. ცალკე მინდა აღვნიშნო ძალიან მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტი, რომლის განხორციელება დაწყებულია ჩვენს ქვეყანაში - ეს არის უმსხვილესი დეველოპერული კომპანია Eagle Hills-ის უპრეცედენტო საინვესტიციო პროექტი, რომლის საერთო მოცულობა 6,6 მილიარდი დოლარია. ასეთი მასშტაბური ინვესტორის შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში ადასტურებს საერთო ნდობას ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის და იმ გარემოს მიმართ, რომელიც ჩამოყალიბებულია საქართველოში. მარტო ეს კონკრეტული ინვესტიცია დაახლოებით 11 მილიარდი ლარით გაამდიდრებს საქართველოს ეკონომიკას. გვაქვს მკაფიო გეგმები ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიმართულებით. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ საქართველოს დაკავშირებადობის, სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას, რაშიც დიდი ინვესტიციები იდება. დაგეგმილია მასშტაბური მშენებლობები, რაც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპის მეტად დაჩქარებას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე. ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმში, რომელიც ბიზნესასოციაციის ორგანიზებით იმართება, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, მსხვილი დეველოპერული კომპანიები, საერთაშორისო ინვესტორები და უძრავი ქონების წამყვანი სააგენტოები მონაწილეობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები