სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში UEFA-მ რიგით 49-ე კონგრესი ჩაატარა, სადაც ორგანიზაციის ფინანსური დირექტორის იოსეფ კოლერის განცხადებით მხოლოდ ევროპის ჩემპიონატიდან შემოსავალმა 2,5 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც ტურნირის არსებობის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. ეს მაჩვენებელი UEFA-ს მიერ გამოქვეყნებულ ფინანსურ ანგარიშგებაშიცაა მითითებული.
აქამდე ფინანსურად ყველაზე მოგებიან ევროდ 2016 წლის საფრანგეთის პირველობა ითვლებოდა, რომელმაც 1,9 მილიარდი ევრო დააგენერირა, ანუ მაჩვენებელი 30%-ით, 600 მილიონითაა გაზრდილი.
უშუალოდ მოგებას თუკი მივიღებთ მხედველობაში, ევროპის ჩემპიონატიდან კონტინენტის მმართველმა ორგანომ თითქმის 1,3 მილიარდი ევროს მოგება ნახა.
გამოსარჩევია ის ფაქტიც, რომ წარმატებული ევრო 2024-ის გამო გასული სეზონი UEFA-სთვის რეკორდულად შემოსავლიანი იყო, რადგან 6,8 მილიარდი ევრო გამოიმუშავა. გასულ წლამდე ყველაზე დიდი ფინანსური სარგებელი ორგანიზაციამ 20/21 წლის სეზონში მიიღო, როდესაც მიღებულმა თანხამ 5,8 მილიარდ ევროს მიაღწია.