საქართველოს სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, “ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის” პროგრამის ათვისება წელსაც დაგეგმილზე ნაკლებია.
12 დეკემბრის მდგომარეობით, პროგრამისთვის გამოყოფილი 14,249,000 ლარიდან მხოლოდ 7,386,988 ლარი არის ათვისებული, რაც ბიუჯეტის 52%-ს შეადგენს.
რეალურად, პროგრამის ბიუჯეტის ათვისება 52%-ზე ნაკლებია, რადგანაც 2019 წლის ბიუჯეტის მიხედვით, მისი ასიგნებების მოცულობა 20 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც თავად ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რესურსების გადანაწილების შედეგად, 14 მილიონ ლარამდე შემცირდა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე პროგრამის მიმდინარეობის იანვარ-აგვისტოს სტატისტიკური მაჩვენებლები არის გამოქვეყნებული. დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში ბენეფიციართა ყოველთვიური მიმართვიანობა 16,293-ს შეადგენდა, მათ შორის ყველაზე მეტი ბენეფიციარი - 40,646 ადამიანი პროგრამას აგვისტოში ჰყავდა, ყველაზე ცოტა - 8,183 ბენეფიციარი კი, მარტში.
"ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის" სახელმწიფო პროგრამა მაშინდელმა დავით სერგეენკომ 2017 წლის პირველ მაისს წარადგინა. მინისტრმა თქვა, რომ პროგრამა 150,000 - 200,000 ადამიანს მისცემდა მედიკამენტების შესყიდვის დაფინანსების შესაძლებლობას.
პროგრამა 2017 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდა. თავდაპირველად ის სოციალურად დაუცველებზე გავრცელდა. პროექტის ფარგლებში გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებების და დიაბეტი ტიპი 2-ის (არაინსულინდამოკიდებული) სამკურნალო მედიკამენტები ფინანსდებოდა. 2018 წლის სექტემბრიდან პროგრამა გაფართოვდა და ის ასაკით პენსიონერებზე და შშმ სტატუსის მქონე პირებზეც გავრცელდა.
2018 წელს პროგრამის ბიუჯეტი 10 მილიონ ლარს შეადგენდა. გასული წლის პირველი 11 თვის განმავლობაში მისი ათვისება, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ლარი იყო, დეკემბერში კი, ის 7.6 მილიონამდე გაიზარდა, თუმცა ამ ზრდის მიზეზი სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 6.5 მილიონი ლარის ღირებულების მედიკამენტების შეძენა იყო.