უფასო სასადილოებისთვის განკუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს. როგორც "ინტერპრესნიუსი" წერს, ბრალდებულ 5 პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო შეუფარდა.
კერძოდ, შპს „Aladashvili & co“-ს დირექტორს, რეზო ალადაშვილს 100 000-ლარიანი საპატიმრო გირაო, მის კიდევ ერთ თანამშრომელსა და 3 ქვეტკონტაქტორი კომპანიის დირექტორს კი, 50 000-50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდათ.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ბრალდებულებმა ჩადენილი დანაშაული აღიარეს, მზადყოფნა გამოთქვეს, რომ ზიანი აანაზღაურონ და გამოძიებასთან ითანამშრომლონ, პროკურატურა საპატიმრო გირაოს დაეთანხმა.
გამოძიების ინფორმაციით, კომპანიების დირექტორები უფასო სასადილოებით მომსახურების გაწევისას 3,5 მილიონი ლარის ოდენობის თანხას თაღლითურად დაეუფლნენ. გამოძიებით დადგინდა, რომ 2023-2026 წლებში შპს „Aladashvili & co“-სა და ქ. თბილისის ისნის, ჩუღურეთის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების გამგეობებს შორის გაფორმდა, ჯამში, 12 ხელშეკრულება, რომლებიც შეეხებოდა მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისთვის უფასო სასადილოებით მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას, საერთო ღირებულებით - 26 513 573 ლარი.
შპს „Aladashvili & co“-ს დირექტორმა 22 სასადილოდან ოთხი, გამგეობებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით, სამართავად გადასცა ქვეკონტრაქტორ კომპანიებს: შპს „გიდს“, შპს „ბადეს“ და შპს „ალიონს“. გამოძიებით დგინდება, რომ შპს „Aladashvili & co“-ს დირექტორი, აღნიშნულ კომპანიებთან ერთად, ხელშეკრულებების მოქმედების პერიოდში, 2024, 2025, 2026 წლებში, ყოველდღიურად, 14 451-მდე ბენეფიციარს არაკეთილსინდისიერად ემსახურებოდა და არაჯეროვნად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს. კერძოდ, პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტების გაყალბების გზით, გამგეობებიდან მიღებული 18 909 104 ლარიდან თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - 3 529 000 ლარს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 25, 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"პასუხისმგებელი ვარ საკუთარ თავზე“ - კახა კალაძე უფასო სასადილოებში შესაძლო კორუფციაზე




























