სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დააკავეს კომპანიების დირექტორები, რომლებიც უფასო სასადილოებით მომსახურების გაწევისას ₾3,5 მლნ-ის ოდენობის თანხას თაღლითურად დაეუფლნენ. როგორც განცხადებიდან ირკვევა, საუბარია რამდენიმე კომპანიაზე, რომლებიც უფასო სასადილოების სერვისების მიწოდებით იყვნენ დაკავებული, მათ შორის არის კომპანია Aladashvili & co, რომელმაც სხვადასხვა ტენდერის ფარგლებში არაერთი ქვეკონტრაქტორი დაიქირავა, რომლებმაც თანხები არაჯეროვნად განკარგეს. სახელმწიფო შესყიდვების სისტემის თანახმად, კომპანიას წლების განმავლობაში 87 ტენდერის მეშვეობით 62 მილიონი ლარი აქვს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული.
ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, კომპანია Aladashvili & co-ს დირექტორი და 100%-ის მფლობელი არის ბიზნესმენი რეზო ალადაშვილი.
რაც შეეხება ქვეკონტრაქტორ კომპანიებს - შპს "ალიონის" 100%-ის მფლობელი და დირექტორი არის თეონა ჯავახიშვილი; შპს "გიდის" დირექტორი და 100%-ის მფლობელია ირმა ხართიკაშვილი, ხოლო კომპანია "ბადეს" მფლობელი არის ლევან ბაკაშვილი.
"გამოძიებით დადგინდა, რომ 2023-2026 წლებში შპს „Aladashvili & co“-სა და ქ. თბილისის ისნის, ჩუღურეთის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების გამგეობებს შორის გაფორმდა, ჯამში, 12 ხელშეკრულება, რომლებიც შეეხებოდა მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისთვის უფასო სასადილოებით მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას, საერთო ღირებულებით - 26 513 573 ლარი.
შპს „Aladashvili & co“-ს დირექტორმა 22 სასადილოდან ოთხი, გამგეობებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით, სამართავად გადასცა ქვეკონტრაქტორ კომპანიებს: შპს „გიდს“, შპს „ბადეს“ და შპს „ალიონს“. გამოძიებით დგინდება, რომ შპს „Aladashvili & co“-ს დირექტორი, აღნიშნულ კომპანიებთან ერთად, ხელშეკრულებების მოქმედების პერიოდში, 2024, 2025, 2026 წლებში, ყოველდღიურად, 14 451-მდე ბენეფიციარს არაკეთილსინდისიერად ემსახურებოდა და არაჯეროვნად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს. კერძოდ, პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტების გაყალბების გზით, გამგეობებიდან მიღებული 18 909 104 ლარიდან თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - 3 529 000 ლარს.
აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 25, 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - განაცხადეს სუს-ში.



























