ლას-ვეგასის “სფერო” არენაზე პირველმა სპორტულმა ღონისძიებამ, UFC 306-მა წარმატებით ჩაიარა. ჯამში წარმოდგენილმა 10-მა ბრძოლამ ღონისძიებას მხოლოდ ბილეთების გაყიდვებით 22 მილიონი დოლარი მოუტანა. მთლიანობაში შოუს ადგილიდან 16 ათასზე მეტმა გულშემატკივარმა მიადევნა თვალი და საშუალოდ თითო ადამიანმა ბილეთში 1300 დოლარზე მეტი გადაიხადა, რაც ასევე სარეკორდო ფასია UFC-ის შოუებისთვის.
დანა უაითის განცხადებით ორგანიზების საკითხში მათ სარეპეტიციოდ დიდი დრო არ ჰქონიათ, თუმცა ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა და მეტიც, მერჩენდაიზების გაყიდვებითაც ორგანიზაციისთვის ისტორიული შედეგი დაიდო.
“სფერო” არენას ადმინისტრაციის გეგმაა, მუდმივად შეავსოს მაყურებლებით დაწესებულება. თავდაპირველად არენაზე მუსიკალური კონცერტები იმართებოდა, შემდეგ მსხვილი კორპორაციული ღონისძიებები, მოგვიანებით უკვე სპორტიც მოსინჯეს, როცა NHL-ის დრაფტი ჩაატარეს, საბოლოო ნაბიჯი კი UFC 306 აღმოჩნდა. გასულ კვარტალში “სფერო” არენა თითო ღონისძიებიდან საშუალოდ 700 ათას დოლარს იღებდა, თუმცა აშკარაა, რომ UFC-ის დიდებული შოუს შემდეგ მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება.
დანა უაითის განცხადებით ორგანიზაცია უახლოეს მომავალში “სფერო” არენაზე ღონისძიებას აღარ ჩაატარებს, რადგან კომპანია “MGM-თან” აქვს კონტრაქტი დადებული, რომელმაც ამ შემთხვევაში გამონაკლისი დაუშვა.
ცნობისთვის, აქამდე UFC-იმ გაყიდული ბილეთების რაოდენობით რეკორდი 2016 წელს UFC 205-ზე დაამყარა, როცა “მედისონ სქუერ გარდენზე” შემოსავალმა 17,7 მილიონი დოლარი შეადგინა.