მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უფლება აქვთ ობიექტის შიგნით გარკვეული რეგულაციები შემოიღონ - თურნავა ბიზნესს პასუხობს

616d309465c33
მარიამ ვარადაშვილი
18.10.21 12:34
1168

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ მთავრობა სავალდებულო ვაქცინაციის საკითხს არ განიხილავს, თუმცა მიესალმება კომპანიების გადაწყვეტილებას, თუ ისინი აუცრელი მოქალაქეებისთვის გარკვეულ შეზღუდვებს დააწესებენ.

ასე გამოეხმაურა მინისტრი გასტრონომიის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ქოქიაშვილის ინიციატივას. ის ამბობს, რომ სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში ძალიან მალე ყველას მოუწევს მიხვედრა, რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღეს რესტორნებმა - „შავი ლომი“, „ნინიას ბაღი“, „კაფე ლეილა“, იმ ფონზე, როცა ასეთი სისწრაფით იზრდება კოვიდინფიცირების მაჩვენებელი ქვეყანაში.

„საქართველოს მთავრობა, მოგიწოდებთ სწრაფად მიიღოთ რეგულაცია ჩვენს სექტორთან დაკავშირებით. საფრანგეთის, იტალიის, ესტონეთის და სხვა ქვეყნების მაგალითი სახეზეა. კვების დაწესებულებებში PCR-ტესტის ან კოვიდპასპორტის საფუძველზე შეშვება ყველანაირ დისკრიმინაციას გამორიცხავს და ზრდის მომხმარებლის ნდობას, უსაფრთხოების შეგრძნებას და სარესტორნო ბიზნესის სტაბილურობას”, - აცხადებდა გასტრონომიის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.

ბიზნესიდან წამოსული ამ ინიციატივის პასუხად კი ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს:

“მოგეხსენებათ, რომ ზოგიერთი ევროპული ქვეყანა მიჰყვება ე.წ ირიბი იძულების მეთოდების შემოღებას. რესტორნებში, სასტუმროებსა და სავაჭრო მოლებში აუცრელი ადამიანები ვეღარ შედიან, თუმცა ეს ისეთ ქვეყნებში ხდება, სადაც აცრის დონე და აცრილთა რაოდენობა საკმაოდ მაღალია, 60%-70%-ია და ეს შედარებით უმტკივნეულოდ ხდება იქ. ჯერჯერობით, იძულების ზომებს არ განვიხილავთ, თუმცა პირადად მე მივესალმები ცალკეული ბიზნესების ინიციატივებს, რომ გახდნენ ე.წ. მწვანე სტატუსის მატარებელი. საკუთარი გადაწყვეტილებით, უფლება აქვთ ობიექტის შიგნით გარკვეული რეგულაციები შემოიღონ. ამ ეტაპზე, ჯერჯერობით, არ განვიხილავთ."


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები