მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"უფრო მეტად ჩინეთის სტრატეგიულ ინტერესებს უკავშირდება, ვიდრე კომერციულს" - რატომ სურს "ბაზისბანკს" "ლიბერთის" ყიდვა?

მარინა გულედანი

კაპიტალის ბაზრის ექსპერტი მარინა გულედანი ვარაუდობს, რომ კომერციულ ინტერესებზე მეტად ჩინურ ჰოლდინგში შემავალი “ბაზისბანკის” მხრიდან “ლიბერთის” შესყიდვის სურვილი ჩინეთის მიერ საქართველოში სტრატეგიულ ინტერესებს და პოზიციების გამყარებას უკავშირდება.

როგორც მარინა გულედანმა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, სავარაუდოა, რომ საფინანსო სექტორში გამსხვილებით ჩინური მხარე საქართველოში სხვადასხვა პოლიტიკური რისკების შემცირებასაც ცდილობს.

„ჩემი აზრით, ძალიან ლოგიკურია და არაფერი გასაკვირი არაა იმაში, რომ „ბაზისბანკის“ სურვილს წარმოადგენს „ლიბერთის“ შეძენა. "ბაზისბანკის" მფლობელი ჩინური "ჰუალინგ ჯგუფია". ამ ჯგუფს [საქართველოში] ძალიან დიდი მოცულობის სხვა აქტივები და სტრატეგიული ინტერესები აქვს. მათ შორის, ქუთაისის თავისუფალი სავაჭრო ზონის ნაწილში, სასტუმროები... ამიტომ ძალიან ლოგიკურია, რომ პარალელურად ევროპული ბანკებისა, ჩინურ საკუთრებაში არსებული ბანკი არსებობდეს, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულად და მდგრადად მოემსახურება ჩინურ ინტერესებს ქვეყანაში, ამას ვერ გავექცევით, ფაქტია. თვითონ ეს ტრანზაქცია რომ განვიხილოთ ამოგლეჯილად პოლიტიკური კონტექსტიდან, ცუდი, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა, იმიტომ, რომ მე პირადად ამას აღვიქვამდი როგორც დივერსიფიკაციას ჩვენი საბანკო სექტორის და კონკურენციის პოტენციურ გაუმჯობესებას.

მაგრამ თუ შევხედავთ გეოპოლიტიკურ რისკებს და იმ სიტუაციას, რომელიც ქვეყანაშია, [„ლიბერთი“] ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენია „ბაზისბანკისთვის“ და ჩინური მხარისთვის. კომერციულ და ფინანსურ ინტერესებთან ერთად, რომელიც ცოტა უფრო გრძელვადიანი შეიძლება იყოს, იმიტომ, რომ ამ ეტაპზე ჩვენი ეკონომიკის ზრდის ტემპი შენელებულია, უფრო მნიშვნელოვანია, მომავალში რა აქტივი იქნება ჩინელი ინვესტორისთვის, იმიტომ, რომ ზოგადად დაძაბულია გეოპოლიტიკურად სიტუაცია რეგიონში. ჩინეთს აქვს ინტერესი, რომ მოახდინოს დივერსიფიცირება, ირანს და რუსეთს გვერდი აუაროს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი ინტერესების გატარებისთვის ფინანსური ტრანზაქციების დახურვა შესაძლებელი იყოს უფრო მდგრადად და სანქციების მიმართ იმუნიტეტი ჰქონდეს ამ ყველაფერს.

ყველამ ვიცით, რომ ჩინეთი SWIFT-ის ალტერნატივაზე მუშაობს იმისთვის, რომ შეამციროს დამოკიდებულება მასზე და ზოგადად დასავლეთის პარტნიორებზე და გარკვეული ავტონომია მოიპოვოს. ამიტომ საქართველო გეოპოლიტიკურად მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს დივერსიფიცირება მოახდინოს და აპირებს, რომ შეიძინოს ბანკი, რომელიც უფრო ლარის რესურსზეა ორიენტირებული.

თვითონ „ბაზისბანკიც“ ასეთია და „ლიბერთი“ ცალსახად ლარზე ორიენტირებული ბანკია, საპენსიო ტრანზაქციები და მოძრაობები ამ ბანკის მეშვეობით გადის, ყველაზე დიდი ქსელი აქვს ფილიალების და სოციალურად მოწყვლადი მოსახლეობის ჯგუფის დაფარვა. შესაბამისად, პოლიტიკურად და სოციალურადაც მგრძნობელობის მქონე ბანკია, რომელიც დამატებითი აქტივი არის ჩინელი ინვესტორისთვის, იმისთვის, რომ პოლიტიკური რისკისგან იყოს დაზღვეული და აკონტროლოს სიტუაცია. ამიტომ მე ამ ტრანზაქციაში უფრო ამ მხარეს ვხედავ. კომერციული და ფინანსური მხარის ნაწილშიც, რა თქმა უნდა, წამგებიანი არ არის და ძალიან დიდი პოტენციალი აქვს მომავალში, რომ დაწინაურდეს გარკვეულ პოზიციებში”, - განაცხადა მარინა გულედანმა.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულ ბანკს 25-დღიანი ვადა აქვს, რათა შეისწავლოს, თუ რა გავლენა ექნება კონკურენტულ ბაზარზე “ბაზისბანკის” მიერ “ლიბერთი ბანკის” შესყიდვას.

ამასთან, “ბაზისბანკის” მიერ “ლიბერთი ბანკის” შესყიდვის შემთხვევაში საქართველოს საბანკო სექტორში ჩამოყალიბდება ბანკი, რომლის ჯამური აქტივების მოცულობა მთლიანი სისტემის 10% იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები